საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2022 წლის 23 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე შედგა  საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტების - დავით კელაპტრიშვილისა და ლუკა კვირჩილაძის - ერთობლივი საბაკალავრო პროექტის - ,,ბაისუბნის სამონასტრო კომპლექსი“ - დაცვა. ხელმძღვანელები: არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი  მედეა მელქაძე  და არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია.    
დიპლომანტებმა წარმოადგინეს სამონასტრო კომპლექსის პროექტი, რომელიც აერთიანებდა  როგორც საეკლესიო, ისე საერო შენობა-ნაგებობებს.  მათ საპროექტო ტერიტორიად შეარჩიეს  სოფელ ბაისუბნის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორია - გამორჩეული  თავისი ლანდშაფტითა და მდებარეობით. 
დავით კელაპტრიშვილმა სატაძრო არქიტექტურის ნიმუშად წარმოადგინა ოშკის ინსპირაციით შექმნილი სამაფსიდიანი ეკლესიის პროექტი,  ხოლო ლუკა კვირჩილაძემ - ჯვარგუმბათოვანი ტაძრისა (პროექტების ხელმძღვანელი - ნანა აბრამია). აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას დიპლომანტებმა გაითვალისწინეს თანამედროვე ღვთისმსახურების ძირითადი მახასიათებლები. სამონასტროო კომპლექსი, ტაძრისა და სამრეკლოს გარდა, მოიცავს ბერ-მონაზონთა საცხოვრისს, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას.  დიპლომანტებმა შეიმუშავეს  სამნიშნულიანი (დონიანი)  ნაგებობა, რომელიც,  ბერ- მონაზონთა საცხოვრებლის გარდა, ითვალისწინებს  საპატრიარქო რეზიდენციასა და მომლოცველთა მოსასვენებელ სივრცეს.  პროექტით გათვალისწინებულია ქვისა და ხის ნაკეთობათა სახელოსნოები,  ვენახი, მარანი, საძვალე და სხვ. 
საერო არქიტექტურის ნაგებობების პროექტებზე მუშაობას კურირებდა პროფესორი მედეა მელქაძე.  დავით კელაპტრიშვილმა დააპროექტა მოხუცებულთა სამყოფელი, ხოლო ლუკა კვირჩილაძემ - პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრი. სამონასტრო პროექტზე მუშაობის პროცესი  სტუდენტებისთვის  ერთობ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.  დავით კელაპტრიშვილმა მოხუცებულთა სამყოფელში გამოყო  მრავალფუნქციური სივრცეები: ზამთრის ბაღი, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სხვა.  ლუკა კვირჩილაძის მიერ დაპროექტებული  სამედიცინო დაწესებულება ითვალისწინებს  როგორც სადიაგნოსტიკო, ისე მოსასვენებელ სივრცეებს. 
სადიპლომო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრები იყვნენ: თსას-ის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,  საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი,  დეკანოზი იოსებ ვანიძე, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის გამგე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, რექტორის აპარატის უფროსი ელდარ ბუბულაშვილი და სხვანი. 
 
წარმოდგენილმა  სადიპლომო ნაშრომმა კომისის წევრთა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. გაიმართა დისკუსია, დიპლომანტებმა ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს. 
                                                                                                                                                      
 
24.06.2022

FaceBook გვერდი