თსას-ის რექტორის, პროტოპრესვიტერ
გიორგი ზვიადაძისა და პრორექტორის სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში -
დეკანოზ ბესარიონ ცინცაძის განსაკუთრებული ძალისხმევითა და
მხარდაჭერით განხორციელდა სასწავლებლის რექტორატისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროექტი
- ა.წ. 19-20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში ჩატარდა სტუდენტური დღეები, რომელიც თავისი შინაარსითა და
თემატიკით მეტად მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მასში მონაწილეობდა თსას-ის
თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი და გახდა კიდეც მათთვის
სასწავლებელში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების, შემოქმედებითი
უნარების გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ასპარეზი.
რექტორის მხარდაჭერით, სტუდენტური
დღეების დასკვნითი ცერემონიის ჩატარება მცხეთასა და შიომღვიმეში
დაიგეგმა. ეს დღე იყო თსას-ის რექტორის ერთგვარი საჩუქარი
,,სტუდენტური დღეები 2022-ის“ მთელი გუნდისათვის.
18 ივნისს თსას-ის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად
სტუდენტური დღეების მონაწილეთა 31-კაციანი ჯგუფი თბილისიდან
შიომღვიმისაკენ გაემართა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა სემინარიის დეკანი,
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფდა
თსას-ის სამედიცინო სამსახურის ექიმ-კონსულტანტი - ნანა
ადამია.
ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი, გაიხსენეს ისტორიულ და ლიტერატურულ
წყაროებში დაცული ცნობები წმ. შიო მღვიმელის, ჩვენში მოღვაწე სხვა
ასურელი მამების შესახებ და თაყვანი სცეს იქ დაცულ სიწმინდეებს.
ბოლოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, სადაც დიდი მეუდაბნოე მამის,
წმ. შიო მღვიმელის საფლავია, გაიმართა სტუდენტურ დღეებში
მონაწილე პირთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. სასწავლებლის სახელით,
მონაწილეებს დიპლომები და საჩუქრები გადასცა მღვდელმა გიორგი
ვაშალომიძემ.
შიომღვიმის შემდეგ ორგანიზატორებმა
და მონაწილეებმა მცხეთის სიწმინდეები მოინახულეს. სვეტიცხოვლის
ტაძარში მათ გულითადი მასპინძლობა გაუწია სვეტიცხოვლის საკათალიკოსო
ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ. მან მონაწილეებს
მოუთხრო იმ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და აღმოჩენების შესახებ,
რაც სვეტიცხოვლის ტაძრის ბოლოდროინდელი არქეოლოგიური და სარესტავრაციო
სამუშაოების შედეგად გამოვლინდა. ჯგუფის მონაწილეებმა მოინახულეს
სამთავროს დედათა მონასტერიც, პატივი მიაგეს სიწმინდეებს,
მოილოცეს მამა გაბრიელის საფლავი, დაათვალიერეს სამთავროს
მუზეუმი.
შთაბეჭდილებებით აღსავსე,
ემოციებით დატვირთული დღე დასრულდა საზეიმო ვახშმით. სტუდენტური
დღეების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გულითადად უმასპინძლა
მცხეთის წმ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა არჩილ
ოქრუაშვილმა.
ვაზის ტალავრის ჩრდილქვეშ, ჯვრისა
და სვეტიცხოვლის ფონზე, საღამომდე ისმოდა ქართული ლექსი და
საგალობელი.