17 ივნისს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა დამამთავრებელი კურსების
სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თსას-ის რექტორი,
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი სასწავლო და
ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,
სემინარიის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია,
ფაკულტეტების დეკანები, მათი თანაშემწეები, მოძღვრები,
პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები. შეხვედრა თბილ,
მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა
თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის - უმაღლესი
საღვთისმეტყველო სკოლის - მისიაზე. აღნიშნა, რომ მაღალი, სრულყოფილი
ცხოვრების წესი ქრისტიანული აზროვნების, ცნობიერების ნაყოფია და
ღვთის მცნებათა დაცვის გარეშე შეუძლებელია მისი აღსრულება. თსას-ის
მიზანია, რომ სტუდენტებმა მიიღონ არა მარტო სისტემური,
აკადემიური განათლება, განვითარდნენ და სრულიყონ პროფესიულად,
არამედ, უპირველესად, წარემატონ სულიერად, მორალურ-ზნეობრივი
თვალსაზრისით. თქვენ დაასრულეთ სწავლების ერთი მნიშვნელოვანი
ეტაპი, მაგრამ იცოდეთ, რომ შეგნებული, განათლებული ადამიანისათვის
სწავლა დაუსრულებელი პროცესია, როგორც დაუსრულებელია ადამიანის
განსწავლა, სრულყოფა სათნოებათა თვალსაზრისით, -აღნიშნა მან.
პროტოპრესვიტერმა გიორგი
ზვიადაძემ საგანგებოდ ისაუბრა სასულიერო პირთა განსაკუთრებულ
მისიაზე - უარი თქვან პირად ბედნიერებაზე და უარყონ
საკუთარი თავი ღვთის, მოყვასისა და ქვეყნის მსახურებად.
უცოდინრობა, უსწავლელობა ცოდვის მიზეზია, უკუსვლაა, განუსაზღვრელია
სასულიერო პირის მისია - სიტყვითა და ცხოვრების წესით იყოს
მქადაგებელი სულიერების, პატიოსნების, ზნეობრიობის, ცოდვისაგან
იხსნას კაცი, შეეწიოს და დაეხმაროს მაშვრალსა და
დავრდომილს. ქრისტეს მიმდევარი თუ ხარ, უნდა გახსოვდეს
კიდეც, რომ ქრისტეს არასოდეს დაუსვენია, ამიტომაც
ომში ბრძოლის ტოლფასია სასულიერო პირის თავდადება და ღვაწლი, - ბრძანა
რექტორმა.
პროტოპრესვიტერმა გიორგი
ზვიადაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე
საზოგადოებას, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია, როგორც საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების
უმაღლესი სკოლა,დაფუძნებულია სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი ძალისხმევითა და
რუდუნებით, რომ თავად რექტორი, სამეცნიერო საბჭო,
პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები ყოველთვის
იქნებიან ერთგულნი პატრიარქის დავალების -იფიქრონ,
იზრუნონ და დახმარების ხელი გაუწოდონ თითოეულ სტუდენტს.
რექტორმა გზა დაულოცა სტუდენტებს და უსურვა წარმატებები ჩვენი
ეკლესიის, პატრიარქისა და ქვეყნის მსახურებად.
დამამთავრებელი კურსების
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს თსას-ის
პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და სულიერმა მოძღვარმა,
არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ.