მოგზაურობა ჩარგალში

 
12 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი  გიორგი ვაშალომიძე, გალობის ისტორიის ლექტორი ლაშა ზაალიშვილი და სემინარიის მე-2 კურსის სტუდენტები იმყოფობოდნენ ჩარგალში,  ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში.  მათთვის შთამბეჭდავი, საგულისხმო და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა გენიალური მწერლის  მშობლიურ გარემოში მოგზაურობა.
ვაჟა-ფშაველას ექსპონატებთან შეხებამ, ფშავის  ბუნების  დიდებულებამ  ვაჟას მხატვრული სამყარო გაგვიცოცხლა, პერსონაჟების კვალდაკვალ გვამოგზაურა, ვაჟას სამყაროსთან გენეტიკური და სულიერი კავშირი გვაგრძნობინა - სიამოვნებით აღნიშნავდნენ სტუდენტები. 
ფშავში მოგზაურობისას სტუდენტებმა მოინახულეს ცნობილი სახალხო მთქმელისა და ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილის, ,,შეფიცულთა რაზმის“ წევრის  მიხა ხელაშვილის საფლავი. სტუდენტებმა ლაშა ზაალიშვილის ლოტბარობით   პოეტის  სულის საოხად საგალობლები აღავლინეს და ამით დაადასტურეს კიდეც თავისი სიყვარული და პატივისცემა ტრაგიკულად დაღუპული გმირის მიმართ.
მოგზაურობა ჩარგალში სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის ერთი მნიშვნელოვანი - ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე იყო. 
 
16.06.2022

FaceBook გვერდი