შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან

 
2022 წლის 7 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ აჰიბ ნაგიევის, ხელმძღვანელობით. 
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ბატონი აგილ შირინოვი - აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორი, ქალბატონი ელნარა კარიმოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ჯაჰანდარ ალიფზადე - აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ფახრი ჰაჯიევი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ნარიმან ორუჯალიევი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ვუსალ მამადოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის დეპარტამენტის უფროსი, მიიღო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ფაიგ გულიევი. 
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ საკითხებში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, დოქტორანტურის სწავლული მდივანი, დეკანოზი ბიძინა გუნია, რექტორის თანაშემწე ინსტიტუციური განვითარებისა და ხარისხის მართვის უზრუნველყოფის საკითხებში, ქალბატონი თამარ სანიკიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ქალბატონი მარიამ თოფურია, საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ლალი ხუჭუა. 
რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გულწრფელი მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის ისტორიასა და ამ ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელების, სულიერი ლიდერებისა და ხალხთა ურთიერთობის ისტორიაზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების - ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მეგობრობაზე, შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში და სულიერი ლიდერების - შეიხ ალა-შუქურ ფაშა ზადესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წამყვან  როლზე ამ მნიშვნელოვან პროცესში, განსაკუთრებით კავკასიაში, მათ მეგობრულ, თბილ დამოკიდებულებაზე სხვა რელიგიების, სხვა ერების წარმომადგენელთა მიმართ. რექტორმა სტუმრებს გააცნო სასწავლებლის  მოკლე ისტორია,  ისაუბრა მის წარსულსა და მომავალზე, სასულიერო განათლების ტრადიციებზე საქართველოში და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის თეოლოგიურ ინსტიტუტთან მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია და სასიკეთო შედეგებს მოიტანს სასწავლო-სამეცნიერო კუთხით. 
შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა აჰიბ ნაგიევმა, მადლობა გადაუხადა მამა გიორგის თბილი მიღებისთვის და  ისაუბრა აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში,  აზერბაიჯანული მთავრობის, აზერბაიჯანელი ხალხის რელიგიურ შემწყნარებლობაზე.  მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო განვითარდება და გაღრმავდება. ბატონმა  აგილ შირინოვმა - აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორმა - აღნიშნა, რომ  თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიასთან მემორანდუმის გაფორმება სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.  
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ბატონმა ფაიგ გულიევმა - მადლობა გადაუხადა მამა გიორგის თბილი მიღებისთვის და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.
 
08.06.2022

FaceBook გვერდი