დოკუმენტური ფილმის ჩვენება

30 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებსა და თანამშრომლებს სასწავლებლის რექტორატის, პროტოდიაკონ ალექსანდრე პლისკასა და კინოთეატრ „ამირანის“ ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებლობა მოგვეცა,  კინოთეატრ „ამირანში“ გვენახა ალექსანდრე ზაპოროშჩენკოს ფილმი - „ადამ სადა ხარ“? (პროტოდიაკონი ალექსანდრე პლისკა ფილმის პროდიუსერი და იდეის ავტორია, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს ამ მონასტერში ატარებს). 
2019 წელს გადაღებული ეს ფილმი ათონის მთის დოქიარის მონასტრის წევრთა შრომითა და ლოცვით გაჯერებული ცხოვრების სურათებს წარმოგვიდგენს. მისი მთავარი პერსონაჟი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გრიგორია (ზუმისი), რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა. კადრებმა შემოინახა მონასტრის წინამძღვრის ბოლო სიტყვები, ცრემლები, სულიერი რჩევები. ფილმი ნაჩვენებია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. სულ ცოტა ხნის წინ მისი პრემიერა შედგა თბილისში. ჩვენს ქვეყანაში იმყოფება პროტოდიაკონი ალექსანდრე პლისკა, რომელმაც თავად ჩაიტანა ფილმი საქართველოს რამდენიმე ეპარქიაში და, როგორც ამბობს, მზადაა გააგრძელოს მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებშიც.  ამჟამად ფილმი თბილისის კინოთეატრებში გადის. 
 
31.05.2022

FaceBook გვერდი