დეკანოზ ბიძინა გუნიას „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში პოლონეთში ვიზიტის შესახებ

დღეს, 25 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ კოლეგებს გაუზიარა პოლონეთში ვიზიტის შთაბეჭდილებები. იგი მიმდინარე წლის 16-20 მაისს „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში წაიკითხა ლექცია თემაზე: „სწავლება ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით“. 
ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემია გამორჩეულია იმით, რომ იქ სამი კონფესიის ადამიანები სწავლობენ - ძველი კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები. რექტორებიც ოთხ წელიწადში ერთხელ კონფესიების მიხედვით მორიგეობით ინიშნებიან. ამჟამად აკადემიის რექტორი გახლავთ ვროცლავისა და შეცინის მთავარეპისკოპოსი გიორგი პანკოვსკი, რომელთანაც მამა ბიძინას გულთბილი შეხვედრა ჰქონდა. სასწავლებელი განთავსებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოწყობილია ელექტრონული ბიბლიოთეკა, უცხო ენების შემსწავლელი ლინგაფონური კაბინეტები. ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, უნეტარესი საბას სურვილით, განსახილველად ლიტურგიკული საკითხი შეირჩა. ლექცია რუსულ ენაზე წარიმართა, ხოლო ლიტურგიკული ტექსტები სლავურ ენაზე იქნა წაკითხული. შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა. 
მამა ბიძინამ წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის სამლოცველოში, სადაც ქართული დიასპორა დახვდა, ღვთისმშობლის სახელზე სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. მან ასევე მოილოცა ვარშავის წმ. მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარი და არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველო, სადაც შეხვდა წინამძღვარს, მამა ჰენრიკ პაპროცკის  -  წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მკვლევარსა და ქართველი ერის დიდ მეგობარს. 
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ კოლეგებს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას მოკითხვა გადასცა. 
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ აღნიშნა, რომ ვიზიტი პოლონეთში ნაყოფიერი აღმოჩნდა სამეცნიერო თუ პიროვნული ურთიერთობის თვალსაზრისით და ჩვენს სასწავლებელსა და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა 
25.05.2022

FaceBook გვერდი