საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მეორე დღე

 
18 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მუშაობა განაახლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილმა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციამ.
სხდომას თავმჯდომარეობდა ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. 

ბატონმა სერგომ  დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 1918 წლის 26 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ეროვნული საბჭოს მიერ  მიღებული აქტით გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და იმ დღიდან მოყოლებული ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის  იბრძვის ქართველი. აღნიშნული კონფერენციის მიზანია  სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად  დამოუკიდებლობის იდეის პატივისცემის,  უკვდავყოფისა  და მსახურების სურვილის გაღვივებაც.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ თსას-ის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის 1-ელი კურსის სტუდენტები: მღვდელი გიორგი თანდილაშვილი მოხსენებით - ,,თანამედროვე ქართული ხელოვნების მართლმადიდებლურ პრინციპებთან მიმართების საკითხისათვის“ ( ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი) და დიაკვანი გენადი ტლაშაძე მოხსენებით -,,მართლმადიდებლობის როლი ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში“ (ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი).  მომხსენებელთა გამოსვლამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კონფერენციას დაესწრო და მისი მუშაობა შეაჯამა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.  მან ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და   სტუდენტებში განათლებული და ღვთისნიერი ადამიანისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფორმირების აუცილებლობაზე. აკადემიის რექტორმა დადებითად შეაფასა კონფერენციის მუშაობა,  მადლობა გადაუხადა მის ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას. 
19.05.2022

FaceBook გვერდი