10 მაისს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში გაიხსნა საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავისადმი
მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია
მომზადდა საქართველოს ისტორიის კათედრის ინიციატივით: კათედრის
ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის
დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძისა და ისტორიის დოქტორის
დურმიშხან ლაშხის თაოსნობით.
სხდომას თავმჯდომარეობდა ისტორიის
მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო
ვარდოსანიძე. მისასალმებელ სიტყვაში მან ისაუბრა
სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე სამეცნიერო-საღვთისმეტყველო
კადრების მომზადების მიმართულებით. აღნიშნა, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავი, თითქოს, სულაც არ
არის საიუბილეო თარიღი, მაგრამ მისი სიდიადე და მასშტაბურობა მუდმივად
შეგვახსენებს, გვავალდებულებს, ჩავწვდეთ და შევიცნოთ ამ
მოვლენის არსი და მნიშვნელობა. ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ განმარტა,
რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
დაგვირგვინებაა იმ მნიშვნელოვანი ბრძოლისა, რომელიც მე-19
საუკუნის 60-იან წლებში წამოიწყო ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის
კულტურულ-ნაციონალური ავტონომიისა და ეკლესიის ავტოკეფალიის
აღსადგენად. მართალია, 1907 წლის 30 აგვისტოს ილია სიცოცხლეს
გამოასალმეს, მაგრამ მისი იდეები განუხორციელებელი არ დარჩენილა: 1917
წლის 12 მარტს სვეტიცხოველში შეკრებილმა სამღვდელოებამ
აღადგინა ავტოკეფალია და შემოიღო საპატრიარქო მმართველობა; 1918 წლის
8 თებერვალს გაიხსნა უნივერსიტეტი, ამავე წელს აღსრულდა წმინდა ილია
მართლის ჩანაფიქრი - 1918 წლის 26 მაისს მეფისნაცვლის
სასახლეში გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
კონფერენციაზე საინტერესო
მოხსენებით გამოვიდა დოქტორანტი გიორგი გვასალია. თემის სათაური იყო
მოსე წინასწარმეტყველის მესიანური წინასწარმეტყველება იუდაურ და
ქრისტიანულ ტრადიციაში.
კონფერენციაში ასევე
მონაწილეობდნენ თსას-ის სამაგისტრო (აკადემია) და საბაკალავრო
(სემინარია) პროგრამების, ქრისტიანული ფსიქოლოგიის, ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის
რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები.
სტუდენტთა მიერ შესწავლილი
და განხილული საკითხები თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა
- საქართველოს ისტორიის, ქრისტიანული კულტურისა და ეკლესიის
ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხებოდა.
კონფერენცია საქმიან ვითარებაში
წარიმართა და მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
სხდომის დასასრულს შეკრებილ
საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის დოქტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა
კონფერენციის ორგანიზატორებს, ღონისძიებაში მონაწილე
სტუდენტებსა და მათს ხელმძღვანელებს, დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნა,
რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის უმაღლესი
საღვთისმეტყველო და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, სულიერებისა
და ცოდნის ურთიერთშერწყმის წიაღი, ადგილი, სადაც უმაღლესი განათლების
დაუფლებასთან ერთად მაცხოვნებელ რწმენას ეზიარებიან სტუდენტები და
სწორედ ეს უნიკალური მდგომარეობა განასხვავებს მას სხვა
სასწავლებლებისგან.
კონფერენციის ორგანიზატორებმა
გაითვალისწინეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის,
პროტეპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მითითება და სრულფასოვანი, ნაყოფიერი
მუშაობის მიზნით, გადაწყვიტეს, რომ კონფერენცია
გაგრძელდება სამშაბათს, 17 მაისს.
კონფერენციის პირველი დღის
მონაწილეთა ვინაობა და მოხსენებათა სათაურები იხილეთ
ქვემოთ:
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
(აკადემია)
I
კურსი
1. ჯუბა თომაძე -
მართლმადიდებელი ეკლესია ქართლში როსტომ ხანის დროს (როსტომ
ხანის პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ)
(ხელმძღვანელი - პროფესორი,
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე)
2. ზურაბ აკობია
- საეკლესიო კრება იმერეთში 1759 წელს (ხელმძღვანელი - პროფესორი,
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე)
3. მღვდელი გიორგი
თანდილაშვილი - სახელწოდება საქართველოს ეკლესიისა
(ხელმძღვანელი - პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე)
4. ბესიკ
გამყრელიძე - სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის ეკლესიის მიერ
ეპარქიის დაარსების არალეგიტიმურობის საკითხები (ხელმძღვანელი -
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე)
ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი
IV
კურსი
1. მანანა
ცენტერაძე - აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
(ხელმძღვანელი - პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი)
ხატწერის, დაზგური და
მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი
კურსი III
1. თამარ რატიანი
- ახალი შუამთის ტაძრის კედლის მხატვრობის მასალები და მიმდინარე
მეორადი პროცესების ანალიზი (ხელმძღვანელი - პროფესორი მერაბ
ბუჩუკური, პროფესორი მურად ტყემალაძე)