ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

საქართველოს პრეზიდენტი აწესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი  ლექტორი ქალის,  ქველმოქმედის, პოეტისა და  მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის. 
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზება და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში: 
• პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის;
• სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. 

კონკურსის პირობები: 
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს. 
• საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.
• კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი.

კონკურსის ეტაპები: 
• უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
• საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.

კონკურსის ვადები:
კონკური ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბერს. 
• საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების (ნებისმიერი ფორმით) და საბუთების (პირადობის მოწმობის ასლი) უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.
• საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს. 
• გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში.
 
30.12.2021

FaceBook გვერდი