თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულის წარმატება საბერძნეთში

 
სულ ახლახან სასიხარულო ცნობა მივიღეთ. გუშინ, 27 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს იოსებ არჩვაძეს, რომელმაც 2016 წელს სწავლა საბერძნეთში, კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, „წარჩინების პრემია“ გადაეცა. 

იოსებ არჩვაძე 2010 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 2014 წელს დაასრულა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში. 2015 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სასწავლებლად საბერძნეთში გაემგზავრა. ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ახალ ბერძნულ ენას, 2016 წელს კი ჩაირიცხა კაპოდისტრიას სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე. იოსებ არჩვაძემ 2020 წელს ბაკალავრიატი უმაღლესი საშუალო ქულით - 9, 25 - დაასრულა. იმავე წელს საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი „წარჩინების პრემიის“ მოსაპოვებლად. კურსდამთავრებულს ორი პუნქტის დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა: 2019-2020 წლების კურსდამთავრებულთა შორის უნდა ჰქონოდა უმაღლესი საშუალო ქულა და ბაკალავრიატის საფეხური დასრულებული უნდა ჰქონოდა პროგრამით განსაზღვრულ დროში - 8 სემესტრში. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის 60-მდე კურსდამთავრებულს შორის კონკურსის მოთხოვნებს მხოლოდ იოსებ არჩვაძე აკმაყოფილებდა. მან მიიღო ერთჯერადი პრემია და საბერძნეთის განათლებისა და რელიგიების მინისტრისა და სახელმწიფო სტიპენდიების სამსახურის პრეზიდენტის ხელმოწერებით დადასტურებული სიგელი.  
 
ამჟამად იოსებ არჩვაძე ზემოხსენებული უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. მისი საღვთისმეტყველო მიმართულებაა „მამათა სწავლანი“, რომელსაც პროფ. გიორგი სტავროპულოსის ხელმძღვანელობით ეუფლება.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს იოსებ არჩვაძეს დამსახურებულ ჯილდოს და სამართლიანად ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით, რომლის საღვთისმეტყველო წინსვლას საძირკველი მის კედლებში ჩაეყარა! ვიმედოვნებთ, მომავალშიც მისი არაერთი წარმატების ცნობას მოგაწვდით!
 
28.10.2021

FaceBook გვერდი