ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში ვიზიტის შესახებ

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, თსას წარმომადგენლები შეხვდნენ ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის რექტორს, მის მაღალყოვლად-უსამღვდელოესობას გიორგის (პანკოვსკი), პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრს, აკადემიის პროფესორს, სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი), თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ იეჟი ოსტაპჩუკს, სასწავლებლის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მხარეებმა ისაუბრეს სასწავლებლებს შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაიგეგმა ონლაინ-შეხვედრები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები ძველ აღთქმასა და კანონიკაში.
დიაკონ ცოტნე ჩხეიძის ლექციათა თემა იყო „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზის“ ძირითადი შედეგები. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავდა როგორც საწინასწარმეტყველო მსახურების ანალიზსს, ისე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა - აქიას, სამეას, ელისეს, ოსეს, ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და ზაქარიას - სიმბოლური ქმედებების თავისებურებების წარმოჩენასა და საწინასწარმეტყველო სიმბოლური ქმედებების რაობის დადგენას.
პროფესორ გიორგი ანდრიაძის ლექციათა ციკლის თემა იყო - „ქრისტიანული ანთროპოლოგიის სწავლების ანალიზი მართლმადიდებლურ კანონიკაში“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკთხებზე: წმ. გრიგოლ ნოსელის კანონიკური ეპისტოლე; ადამიანის ბუნების, ცოდვათა სიმძიმისა და ეპიტემიების ურთიერთმიმართების საკითხი და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, თსას-ის პროფესორების მიერ ჩატარებულმა ლექციებმა და სამუშაო შეხვედრებმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დიდი დაინტერესება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალში, რომელიც წელიწადში 4-ჯერ გამოდის, გამოქვეყნდება წაკითხული მოხსენებების შემოკლებული ვერსიები და შემდგომშიც, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, საშუალება ექნებათ აღნიშნულ ჟურნალთან თანამშრომლობისა.
ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი პროფესიული ზრდა-განვითარებისა და აკადემიური დონის სრულყოფის ჩინებული საშუალებაა. პოლონეთის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო წრეებში უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის - ქვეყნის უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის - შესახებ. საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდა ცნობადობაცა და დაინტერესებაც ჩვენს სასწავლებელში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართ, - ასე შეაფასეს ერაზმუს+ პროგრამის მონაწილეებმა აღნიშნული ვიზიტი.
31.10.2023