სტუდენტებს ემსახურება სამედიცინო კაბინეტი

 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებითა და საგნებით. ექიმების მოვალეობაა  პირველადი დახმარება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი, მენიუს შედგენა-კონტროლი.

ადმინისტრაციის ლოცვა-კურთხევით თავისუფალ სამედიცინო საათზე ტარდება საუბრები სტუდენტებთან ჯანმრთელობის პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, კვების, პირადი ჰიგიენისა და ექიმთან რეგულარული ვიზიტის საკითხებზე. სტუდენტები სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ წესებს. ექიმები მათ აძლევენ რჩევა-დარიგებას, როგორც მომავალ მშობლებს.  სტუდენტებს აქვთ სურვილი მედპერსონალთან ხშირი შეხვედრისა და საუბრისა.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, სასწავლებელი, არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ყველაფერს აკეთებს  სტუდენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. სამედიცინო კაბინეტის თანამშრომლები ამოწმებენ  სატრაპეზოს, სველ წერტილებს და იძლევიან რეკომენდაციებს, რომელიც სწრაფად სრულდება. თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიამ ხელშეკრულება  გააფორმა სანიტარულ ფირმასთან, რომელიც გეგმიურად, ყოველთვიურად, აკეთებს დეზინფექციას პრევენციის მიზნით, როგორც სველ წერტილებში, ასევე აუდიტორიებში. ამ საქმიანობას მეთვალყურეობენ ექიმები.

დღის განმავლობაში სამედიცინო  კაბინეტს არაერთი სტუდენტი აკითხავს სხვადასხა პრობლემით. ექიმები მათ ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას.  ვინც საჭიროებს უფრო ღრმა სამედიცინო ჩარევას, აგზავნიან წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ, 2014 წლიდან დღემდე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა აკადემია-სემინარიის 47 სტუდენტს. ექიმები პაციენტებს სრულიად უანგაროდ ემსახურებიან. ამ კეთილშობილურ საქმეში ძალიან გვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

რაც შეეხება პანსიონს, შეძლებისდაგვარად კონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. იქ მცხოვრები სტუდენტები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართავენ მათ და იღებენ არამარტო დანიშნულებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში წამლებითაც უზრუნველყოფილნი არიან.

სასწავლებლის ადმინისტრაცია, მოძღვრები, რიგითი თანამშრომლები მუდმივად უდგანან მხარში სამედიცინო კაბინეტს. არ ყოფილა შემთხვევა, მედ-პერსონალის მიერ წამოჭრილი პრობლემა გულთან არ მიეტანათ, შეძლებისდაგვარად არ დახმარებოდნენ საკუთარი სახსრებით. ეს კეთილშობილური საქმე ხორციელდება სამედიცინო კაბინეტის ხელმძღვანელის – ქალბატონი მაია ლოსაბერიძისა და მედპერსონალის დიდი მონდომებისა და უანგარო შრომის შედეგად, რასაც ხელს უწყობს აკადემია-სემინარიაში არსებული საოცრად მზრუნველი გარემო.
 
19.03.2020