საჯარო ლექცია

21 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ ბუბულაშვილმა. მოხსენების თემა იყო „წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) კომუნისტური მართლმსაჯულების წინაშე“.

მომხსენებელმა, ახლად გამოვლენილ წყაროებზე დაყრდნობით, განიხილა საკითხი, თუ როგორ შეავიწროვა ახლად დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი - ამბროსი ხელაია; საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების გამო 1922 წლის 7 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მემორანდუმით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. მომხსენებელმა გააანალიზა ამ მემორანდუმის შინაარსი - ძალმომრეობების ფაქტები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა ჩაიდინა ქართული ეკლესიისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ და მოთხოვნა, რაც გენუის კონფერენციის მონაწილეებისადმი ჰქონდა კათოლიკოსს.

საბჭოთა რეჟიმი გააღიზიანა წმ. ამბროსი აღმსარებლის ამ სითამამემ და იგი საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

პრესამ ეკლესიის მაღალიერარქთა წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ქვეყნდებოდა მათი კარიკატურები და შეურაცხმყოფელი ლექსები. გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც მსჯავრდადებული პატრიარქის ინტერესებს ცნობილი ადვოკატი კირილე ნინიძე იცავდა. საბჭოთა რეჟიმს სურდა, კათოლიკოს-პატრიარქი მკაცრად დაესაჯა, თუმცა, კირილე ნინიძის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულმა სიტყვამ და იმ გამოხმაურებებმა, რაც პატრიარქის დაპატიმრებას მოჰყვა საზღვარგარეთ არსებულ პოლიტიკურ და რელიგიურ წრეებში, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი უმაღლეს სასჯელს გადაარჩინა. მას სასჯელი ჯერ შეუმსუბუქეს, შემდეგ კი ამნისტიით გაათავისუფლეს კიდეც.

ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
21.02.2025

FaceBook გვერდი