დღეს, 27 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში
გაიმართა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის,
დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო
არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა - ნინო ტყემალაძემ, კესანე ვეზდენმა,
რომან გაგნიძემ, ნინო გრიგალაშვილმა და ნიკოლოზ კუხალაშვილმა -
წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. კომისიის წევრები იყვნენ დეკანოზი
იოსებ ვანიძე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, პროფესორი გვანცა კოპლატაძე
და პროფესორი მურად ტყემალაძე. სადიპლომო ნაშრომების დაცვას
ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, ისტორიის
დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, სადოქტორო პროგრამების
ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე, ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე, ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ისტორიის დოქტორი
დურმიშხან ლაშხი.
თითოეულმა სტუდენტმა წარმოადგინა ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის
პროექტი. კესანე ვეზდენმა კომისიას წარუდგინა კიდევ ერთი სამონასტრო
კომპლექსი, რომლის მშენებლობა იგეგმება ზემო სვანეთში, სოფ. ბეჩოში
არსებული სკელშის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკის მიმდებარედ.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ჩართულია სვანური კოშკის პროექტიც,
რომელსაც არა მხოლოდ ეთნოგრაფიული, არამედ ყოფითი დანიშნულებაც
ექნება. გარდა ზემოთქმულისა, ხუთივე სტუდენტმა კომისიას წარუდგინა
ერთობლივი პროექტი - „თანამედროვე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური
ოაზისი", რომელიც სიახლეა ჩვენი ქვეყნისათვის. ესაა რამდენიმე ჰექტარ
მიწის ნაკვეთზე გათვლილი გეგმა, სადაც წარმოდგენილია საცხოვრებელი,
სასწავლო, სამეურნეო, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. პროექტით
გათვალისწინებულია მოხუცებისა და 14-18 წლის ახალგაზრდების ერთად
ცხოვრება, სადაც მათ ექნებათ გამოცდილების გაცვლის, სწავლის, ლოცვისა
და შრომის საშუალება. ჩანაფიქრის მიხედვით პროექტი უნდა განხორციელდეს
წეროვანის ლტოლვილთა დასახლებასთან ახლოს და მისი მიზანი, უპირველეს
ყოვლისა, ლტოლვილთა ცხოვრების პირობების შემსუბუქებაა. აქ ასაკოვანი
ხალხი თავის გამოცდილებას გადასცემს ახალგაზრდებს და მათთან ერთად
ააშენებს მეურნეობას.
პროექტების ხელმძღვანელები იყვნენ არქიტექტურის დოქტორი,
პროფესორი მედეა მელქაძე და სატაძრო ხუროთმოძღვრების პედაგოგი ნათელა
აბრამია. სტუდენტებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.