პავლე ინგოროყვას გახსენება

2023 წლის 17 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დიდი ქართველი მეცნიერის - პავლე ინგოროყვას - დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და პავლე ინგოროყვას - დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის - განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, მოხსენების თემა იყო: „პავლე ინგოროყვას „გიორგი მერჩულე“ და ხელისუფლების დაკვეთით მისი არაობიექტური განხილვა“ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი - მოხსენებით - „პავლე ინგოროყვა აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ „გიორგი მერჩულეს“ მიხედვით“.
„პავლე ინგოროყვამ 20 წლის ასაკში 1913 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ფუნდამენტური შრომა - ძველი ქართული სასულიერო პოეზია და აქედან მოყოლებული ღრმა მოხუცებულობამდე თავდაუზოგავად იღვწოდა როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო ასპარეზზე“ - აღნიშნა ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ და დეტალურად მოუთხრო მსმენელებს პავლე ინგოროყვას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის მოხსენება ეხებოდა 1954 წელს პავლე ინგოროყვას მიერ გამოქვეყნებული ფუნდამენტური ნაშრომის - გიორგი მერჩულე - საფუძველზე აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის კვლევის საკითხს. „პავლე ინგოროყვა აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიისა და შესაბამისი ტოპონიმების შესწავლის საფუძველზე განიხილავდა/ადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების განსახლების საკითხს. კვლევის ამგვარი მეთოდის საფუძველზე მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზები ქართულ ტომებს განეკუთვნებოდნენ და მათი თავდაპირველი სახელწოდება იყო მოსხი. რაც შეეხება გვიანდელ აფხაზებს, ის მათ აფსუებად იხსენიებს და ისინი თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლდნენ“ - აღნიშნა ბატონმა ელდარმა.
წაკითხულ მოხსენებებთან დაკავშირებით საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვეს და პავლე ინგოროყვას ღვაწლზე ისაუბრეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ედიშერ ჭელიძემ და ლიტურგიკისა სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი).
კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სხდომის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მაღალ აკადემიურ დონეზე ჩატარებული ღონისძიებისათვის, დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ღვაწლის ღირსეული დაფასებისთვის.
17.11.2023

FaceBook გვერდი