16 მაისს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნეობის
ინსტიტუტის ასოცირებულ პროფესორ ნანა მირაშვილთან.
სტუმარს შეხვდა, სამეცნიერო
საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა თსას-ის რექტორი,
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ქალბატონმა ნანა მირაშვილმა
თსას-ის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის წაიკითხა
საჯარო ლექცია თემაზე: მონანიე და განდგილი დედები ქართულ ნათარგმნ
ჰაგიოგრაფიაში (X-XI საუკუნეების ხელნაწერების მიხედვით), მკვლევარმა
ვრცლად ისაუბრა თავისი ბოლო მონოგრაფიის შესახებაც “მისტერიები ქართულ
ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში”. აღნიშნა, რომ V-X საუკუნეებში შექმნილი
ჰაგიოგრაფიული ძეგლების უძველესი ქართული რედაქციების ფესვები მთელ
ქრისტიანულ სამყაროშია საძიებელი. ეგვიპტის, პალესტინის, ბიზანტიის,
საბერძნეთისა თუ რომის სკრიპტორიუმები დიდ საიდუმლოებებს
ინახავს. ავტორმა ნაშრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა
და აღნიშნა, რომ მასში პირველად გამოქვეყნდა მეუდაბნოეთა - ონოფრე
განშორებულის (IV), მაკარი მეგვიპტელის (IV), მარკოზ განშორებულის
(V), მარტინიანე პალესტინელის (V), ევპრაქსია კონსტანტინოპოლელის (V),
ქსენი რომაელის (V), იოანე სინელის(VII), პეტრე ათონელის
(X),თეოქტისტე ლეზველის (X) ,,ცხოვრებანის“ კრიტიკულად დადგენილი
ტექსტები.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი
დაინტერესება გამოიწვია. ნანა მირაშვილმა საინტერესოდ და ამომწურავად
უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.