სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 7 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიის ფაკულტეტის თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწის, მაია ტალახაძის სადისერტაციო ნაშრომის, „ფემინისტური დისკურსი თანამედროვე ირანელი მწერალი ქალების პროზაში“, დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მზია ბურჯანაძე. რეცენზენტები: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი პაატა ჯაფარიძე და ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი მზისა ბუსკივაძე.

სადისერტაციო ნაშრომში განხილულია თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა - ფემინისტური დისკურსი, ქალის საკითხის რეპრეზენტაცია თანამედროვე ირანელი მწერალი ქალების პროზაში ფემინისტური მოძრაობის საწყისი ეტაპიდან - ემანსიპაციამდე. კვლევა ასახავს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ირანელი ქალი ავტორების შემოქმედებაში, ფემინისტური თეორიის განვითარების კვალდაკვალ, ოჯახსა და საზოგადოებაში ქალის მიერ საკუთარი ადგილის, სოციალური როლისა და დანიშნულების ძიების პროცესს.

დისერტაციამ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მაია ტალახაძეს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცონეობის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელები, სასწავლო-სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და სტუდენტები.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ ქალბატონ მაიას ამ წარმატებას და უსურვებენ ნაყოფიეს სამეცნიერო მოღვაწეობას.

07.03.2025

FaceBook გვერდი