მისია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის პირველი საღვთისმეტყველო სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დაარსებული საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002 წელს) დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონსა“ და კანონიკურ სამართალზე დაყრდნობით, თსას ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების აკადემიურ პროგრამებს.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრე ძველი ქართული სასულიერო საგანმანათლებლო კერებისა და სკოლებისა, ქრისტიანული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცენტრებისა. იგი იღწვის იმ პიროვნებათა განათლებისთვის, რომლებიც ეკურთხებიან სასულიერო პირად ან/და ემზადებიან პედაგოგიური თუ სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, ასევე, ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აღდგენა-განახლების მიზნით ხატმწერ-რესტავრატორთა და ხუროთმოძღვართა კვალიფიციური კადრების მომზადებისათვის. 
თსას-ის მიზანდასახულობაა პედაგოგიური, სამეცნიერო და კვლევითი მუშაობის წარმართვა საღვთისმეტყველო პროფილის მეცნიერებებში, ქრისტიანულ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, საეკლესიო არქტიექტურასა და ქრისტიანულ ხელოვნებაში,  ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის განხრით.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, თავისი მიზნისა და მოწოდების ფარგლებში, ხელს უწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობას, რაც ემსახურება საზოგადოებაში მართლმადიდებლური სარწმუნოების, ფასეულობებისა და ეკლესიური ცნობიერების განმტკიცებას.
 
15.03.2020