ახალი სასწავლო წლის დაწყება
სტუდენტებს მიულოცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
ბიბლეისტიკის კათედრის გამგემ, ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა
გიორგი გუგუშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ
წიგნიერი განათლება, თუ მას სულიერი სინათლეც არ ახლავს, ადამიანს ვერ
დახვეწს და ვერ განავითარებს, ამ ორი მიმართულების შერწყმა კი ხდება
სწორედ სასულიერო აკადემიაში. თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია ბოლო პერიოდში სასწავლო და სამეცნიერო
სფეროში წარმატებულია. არაერთი გამოჩენილი მეცნიერი აღნიშნავს,
რომ დღეს სასულიერო აკადემია არის უმნიშვნელოვანესი
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. ამის დასტურია ბოლო წლებში აქ
შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სიღრმე და კვლევების
აკადემიური დონე.