გარდაიცვალა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლია სალაყაია. თუმცა,
იგი მხოლოდ ჩვენი სასწავლებლის კი არა, მთელი საქართველოს საეკლესიო
გალობის პედაგოგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი თითქოს
გააუბრალოვა ამ პანდემიამ, ლია მასწავლებლის წასვლამ შეძრა მთელი
საქართველო. დღეს ამ ტრაგედიამ ისე გააერთიანა ერი, როგორც მხოლოდ
ომისა და სტიქიების დროს ხდება ხოლმე. მისი მოწაფეები წერენ
სულისშემძვრელ ნეკროლოგებს, ეფერებიან, ემშვიდობებიან, ლოცულობენ
ამაგდარი ადამიანისთვის... ის ხომ ყველას მასწავლებელი იყო, ვისაც
ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თუნდაც
ერთ ტაძარში უგალობია. ლია სალაყაია არა მარტო თაობების გამზრდელია,
ის ყველა თაობის მასწავლებელიც იყო იმავდროულად. თუ სამრევლო და
საკვირაო სკოლებში ლია სალაყაიას მოწაფეები ახლად ენაადგმული ბავშვები
იყვნენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იგი ხანდაზმულებს
ამეცადინებდა. გვახსოვს, როგორ ახარებდა ასაკოვანი ხალხის სურვილი -
ესწავლათ გალობა. უფლისათვის გალობა არასოდეს არაა გვიანიო. დღეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი ტაძრების მგალობელთა
უმრავლესობა ლია სალაყაიას გაზრდილია.
ლია მასწავლებელი გვასწავლიდა
ყველაფერს, რაც სულიერი ცხოვრების გზაზე სჭირდება ადამიანს. გალობასა
და გალობას შორის მცირე შესვენებებზე გვესაუბრებოდა სახარების
ეპიზოდებზე, იგავებით ნათქვამ სწავლებაზე და გვაყვარებდა უფალს... ლია
მასწავლებელი ჩვენი სულიერი მოძღვარიც იყო...
თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ქალბატონი ლიას ნამოწაფარია.
მისი ნამოწაფარია ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირთა უმრავლესობაც. ლია
მასწავლებელი ჩვენთვის ლოცულობდა, ჩვენ კი მისთვის
ვილოცებთ!
თუ ვინმე დააკლდება ჩვენს
ქვეყანას, ჩვენს ეკლესიასა და თითოეულ ჩვენგანს, ეს ლია სალაყაიაა...
ნახვამდის, დიდო მასწავლებელო! ვეცდებით, ვიყოთ თქვენნაირები!