თბილისის სასულიერო აკადემიის
სამეცნიერო საბჭო გამოხატავს დიდ მადლიერებას საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომლის
განსაკუთრებულმა თანადგომამ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ დაფუძნებული და მისი მუდმივი
მზრუნველობის ქვეშ მყოფი თბილისის სასულიერო აკადემიისადმი, ერთი
მხრივ, შესაძლებელი გახადა ხსენებულ უმაღლეს საღვთისმეტყველო
სასწავლებელში დაწყებული არსებითი საგანმანათლებლო რეფორმების
წარმატებული გაგრძელება, მეორე მხრივ კი, ნიადაგის მომზადება
იმისთვის, რომ რამდენიმე თვეში სრული სახით გამოიცეს მასალობრივად
უნიკალური და უაღრესად მოცულობითი სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ნაშრომი
"მრავალენოვანი ბიბლია" ("ბიბლია პოლიგლოტტა)", კერძოდ - აღნიშნული
ნაშრომის მეორე ტომი (ფუნდამენტური ათტომეულისგან). შეგვიძლია
აღვნიშნოთ, რომ ამ ზომის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ნაშრომი ქართულ
ენაზე აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამთ
იმას, რომ ხსენებულ ნაშრომს, მასში შემოკრებილი უმდიდრესი
ქართულენოვანი ბიბლეისტური მასალის გამო, აქვს არა მხოლოდ დიდი
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ღირებულება, არამედ ეროვნული
მნიშვნელობაც, გამომდინარე იმ სამწუხარო ფაქტიდან, რომ ევროპის
სამეცნიერო ცენტრებში აქამდე გამოცემული "მრავალენოვანი ბიბლიები"
აბსოლუტურად არ ითვალისწინებს უმდიდრეს ქართულ მასალას. არსებითად
იგივე ტენდენციაა შენარჩუნებული დღესაც, ისე თითქოს ქართულად საერთოდ
არ მოგვეპოვებოდეს ამ უსაღვთოესი წიგნთა-წიგნის უძველესი ქართული
თარგმან-რედაქციები, მაშინ როდესაც, მკაფიოდ შეიძლება ითქვას,
ქართულენოვანი ბიბლეისტური მასალა თავისი რედაქციული და
ტერმინოლოგიური სიმდიდრითა და მოცულობით ბევრად აღემატება,
საზოგადოდ, ყველაენოვან ბიბლეისტურ მასალას. არსებული ვითარება,
ვფიქრობთ, ცხადს ხდის, თუ რაოდენ განსაკუთრებულია ბ-ნ ირაკლი
ღარიბაშვილის პირადი ღვაწლი აღნიშნული ნაშრომის ("მრავალენოვანი
ბიბლიის" მეორე ტომის) სათანადო მეცნიერულ დონეზე გამოქვეყნების
საქმეში, რის გამოც აკადემიის სამეცნიერო საბჭო კვლავაც უღრმეს
მადლობას მოახსენებს მას.