თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტების თანადგომის წერილი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს




თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები გამოვხატავთ თქვენდამი თანადგომას საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო. 
ჩვენ განუზომლად მადლიერნი ვართ იმ ღვაწლისათვის, რომელიც გასწიეთ ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. თქვენ გიწევდათ რთულ პერიოდში მოღვაწეობა და, მიუხედავად ათეისტური ეპოქისა, შესძელით ეკლესიის აღორძინება და ერის შემობრუნება რწმენისაკენ. ორმოცწლიანმა მოღვაწეობამ სამართლიანად მოგიპოვათ ,,ერის მამის“ სახელი.
ისტორიულად, განსაცდელები ეკლესიისათვის მუდმივად თანამდევია, ბოროტი ძალა ყველა ეპოქაში  ებრძოდა ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი − უფლის რჩეულთ. დღევანდელი მოვლენები ამის ნათელი გამოხატულებაა. ეს ბრძოლა მიმართულია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქართველი ერისა და ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები სრულად ვაცნობიერებთ ამ განსაცდელის სიმძიმეს, რომლის წინაშეც დგას ქართველი ერი, და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თქვენდამი უღრმეს სიყვარულსა და პატივისცემას.
11.11.2019