საჯარო ლექცია

12 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ყოველკვირეული  საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა თსასის პედაგოგმა, თეოლოგიის მაგისტრმა, ბატონმა გიორგი გვასალიამ. მოხსენების თემა იყო „საზოადოების ბიბლიური საზრისი“. მოხსენებაში განხილული იყო ქრისტიანობის, როგორც პიროვნული რელიგიის, პიროვნების ხსნის შესახებ მქადაგებელი რელიგიის არსი; მომხსენებელმა ისაუბრა ეკლესიის, როგორც პიროვნებებისაგან შემდგარი კრებულის - საზოგადოების - ერთობის საიდუმლოს შესახებ, სადაც კი არ იკარგება, არამედ თავისი გამოხატულების მაქსიმუმს აღწევს პიროვნება.

       გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს აღნიშნული მოხსენებიდან: „...რამდენადაც ეკლესია მსხემობს მიწიერი დროითი საზომით შემოწერილ სივრცეში, მისი არსებობა და სიმტკიცე პირდაპირ აისახება ერში მცხოვრები საზოგადოების მდგომარეობაზე. ბიბლიური გაგებით, საზოგადოება არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ფუნქციონირებს ღვთის კანონების, სიყვარულის, სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. ბიბლიაში საზოგადოება ხშირად განიხილება როგორც ღვთის ქმნილება, სადაც ადამიანებს ერთმანეთის დახმარება, მხარდაჭერა და სიყვარული მართებთ. ამ ნიშნით, ბიბლიური ხედვა საზოგადოებისა ემყარება პიროვნულობის გაგების იდეას და ის უპირისპირდება კოლექტივის იდეას, რომელიც ინდივიდუალიზმის საზღვრებშია ჩაკეტილი“.

        „საზოგადოებისა და კოლექტივის დაპირისპირება ადამიანის სულიერი ცხოვრების ფონზე განიხილება და ეს მტრობა სათავეს იღებს ადამიანის ცოდვით დაცემის მომენტიდან. მტრობა, რომელიც დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის იქნა ჩამოგდებული, გამოხატულებას პოვებს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობების პირობებში. თუკი წმინდად ხმობილი ერთობისათვის დამახასიათებელია ურთიერთსიყვარული, ერთობა, მსახურება, თანადგომა, მაღალი ზნეობრივი კატეგორიები და სხვა, ჩაკეტილი კოლექტიური ცხოვრება სწორედ ამ სულიერ თუ „სამოქალაქო“ სათნოებათა მიღმაა დარჩენილი“.  ბიბლიური საზოგადოება არ არის მხოლოდ სოციალური ერთობა, არამედ სულიერი კავშირი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ემსახურებიან სიყვარულით, სამართლიანობით და ღვთის მცნებების დაცვით. ეს არის ღვთის ჩანაფიქრი შექმნას ისეთი საზოგადოება, სადაც სიმართლე, წყალობა და ერთიანობა იქნება მთავარი ღირებულებები“.

      შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პედაგოგები. ლექციის ბოლოს მათი მხრიდან დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც ამომწურავად უპასუხა ბატონმა გიორგიმ.

alt

 

 

 

 

12.03.2025
ბეჭდვა