გამომცემლობა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის ისტორია

თბილისის სასულიერო აკადემიაში გამომცემლობა დაარსდა 2010 წ. არსებობის ხუთი წლის მანძილზე აქ ათზე მეტი აკადემიური გამოცემა განხორციელდა. დღევანდელ პუბლიკაციებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძია განვაცხადოთ, რომ თბილისის სასულიეროა კადემიამ ტექსტის გამოცემის საუკეთესო ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური მიღწევები იმემკვიდრა კორნელი კეკელიძის Aსახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტისგან, სადაც ყველაზე სრულად ჩამოყალიბებული ფორმით ხორციელდება ძველი ქართული საეკლესიო ტექსტების გამოქვეყნება აკადემიურ დონეზე.
გამომცემლობა დაკავებულია არა მხოლოდ ტექსტების გამოქვეყნებით, არამედ აქ მიმდინარეობს მეცნიერული შრომა ტექსტების კვლევის სახით.

ძველი ხელნაწერების გამოცემასთან ერთად, გამომცემლობის მიზანია, აკადემია-სემინარიის სტუდენტებისათვის მოამზადოს მაღალი დონის სახელმძღვანელოები- როგორც ორიგინალური, ისე – თარგმანები სხვადასხვა ენიდან.
გამომცემლობა კოორდინაციას უწევს პერიოდულ გამოცემებს _ საღვთისმეტყველო სამეცნიერო შრომებსა და საეკლესიო სამეცნიერო კრებულ “გრაგნილს.” პერიოდულ გამოცემებში მასალა დალაგებულია სასულიერო მწერლობის დარგებისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის სხვადასხვა სფეროს მიხედვით:
1. დოგმატური ღვთისმეტყველება; 2. ეგზეგეტიკა; 3. ლიტურგიკა; 4. ჰომილეტიკა; 5. ჰაგიოგრაფია; 6. ლიტურგიკული ჰომილეტიკა; 7. ასკეტიკა; 8. ჰიმნოგრაფია; 9. პოლემიკა; 10. პატრისტიკა; 11. ღვთისმეტყველება; 12. კატეხიზმო; 13. საეკლესიო ისტორია; 14. ეკლესიოლოგია; 15. საეკლესიო ეპისტოლოგრაფია; 16. სათნოებითი ღვთისმეტყველება; 17. ქრისტიანობის არსი; 18. ანთროპოლოგია; 19. წმიდა წერილი; 20. ცოდნა და რწმენა; 21. საეკლესიო ფილოლოგია; 22. ქრისტიანობა და თანამედროვეობა; 23. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება; 24. ეკლესია და სახელმწიფო; 25. დასავლელი ქრისტიანი მოაზროვნეები.

გამომცემლობის თანამშრომლები:

დირექტორი: ნინო მელიქიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მდივანი: შორენა ფარქოსაძე;
რედაქტორები: ენრიკო გაბიძაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მაია რაფავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მიხეილ ქავთარია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.
თამარ ჩუბინიძე;
ხათუნა მემანიშვილი.

პუბლიკაციები:

წმ. ბასილი სელევკიელი.  “სიტყუაჲ ჩჩჳლთათჳს ბეთლემს მოწყუედილთა.”

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მღვდელმა ირაკლი ახალაიამ. მისი ვარაუდით, თარგმანი შავ მთაზე მოღვაწე ბერს, ეფრემ მცირეს უნდა ეკუთვნოდეს. ეფრემ მცირის მოღვაწეობით იწყება,პრაქტიკულად, ელინოფილური მიმართულება ქართველ მთარგმნელთა საქმიანობაში. გამოცემის რედაქტორია ფილოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე.

ეკლესიის მამათა სწავლანი ღვთის განკაცების შესახებ – სერია “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები.”

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა.რედაქტორი ედიშერ ჭელიძე. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2010.
წიგნში თავმოყრილია. ქრისტეშობის დღესასწაულისამი მიძღვნილი დიდი ბიზანტიელი მამების ქადაგებების ძველი ქართული თარგმანები. მათგან ზოგიერთი ადრეც იყო გამოცემული. თიოეული ავტორის ქართულმა ტექსტმა XI-XII სს-ების ერთი ან რამდენიმე ნუსხით,ზოგჯერ რამოდენიმე თარგმანის სახით მოაღწია დღევანდლამდე. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ეს ტექსტები საშუალებას იძლევა, თვალი მივადევნოთ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ბრძოლას სხვადასხვა ერესთან, განსაკუთრებით კი არიანულ მოძღვრებასთან.

წმიდა გრიგოლ ნოსელი. ქალწულებისათჳს და საღმრთოჳსა მოქალაქობისა.

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო აკადემიის რექტორმა გიორგი ზვიადაძემ, ფოლოლოგიის, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა.
რედაქტორი ნინო მლიქიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2011.
ეს ნაშრომი ასკეტური თეოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, მასში გადმოცემულია სისტემური საღვთისმეტყველო სწავლება ბერმონაზვნური ღვაწლის შესახებ. საყურადღებოა ის, რომ თხზულების არა მარტო ავტორია ეკლესიის უდიდესი მამა, არამედ ასეთივეა მისი მთარგმნელიც _ წმ. ეფთვიმე ათონელი. თხზულების ქართული თარგმანი გამოწვლილვით არის შესწავლილი, ნაჩვენებია, როგორ აღწევს დიდი ათონელი მამა იმ შედეგს, რასაც თარგმანში ხედავს მკითხველი.
ტექსტის თეოლოგიურ-ფილოსოფიურმა სირთულემ მოითხოვა ძეგლისათვის კომენტარების დართვა. ცალკეული სიტყვები,ფრაზები თუ ტექსტის მონაკვეთები საეკლესიო მოძღვრების მიხედვით არის განმარტებული.
ტექსტს ერთვის ქართულ-ბერძნული დოკუმენტირებული ლექსიკონი. მისი სპეციფიკა განსაზღვრა ეფთვიმესმიერ თავისუფალი მეთოდით შესრულებულმა თარგმანმა.

წმ. გრიგოლ ნოსელის ქართული თარგმანის გამოცემა დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა, რადგან მას რედაქტირება გაუწია მეორე დიდმა ათონელმა მამამ, წმ. გიორგი მთაწმიდელმა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმის განსაზღვრა, თუ რა სახის ჩარევები აქვს გაკეთებული, რა მიზეზითა და მიზნით წმ. გიორგი მთაწმიდელს თავისი დიდი სულიერი მოძღვრისა და მასწავლებლის ნამუშაკევში.

წმ. ეპიფანე კვიპრელი. ოთხმეოცთა წვალებათათჳს.

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ფილოლოგიის მენიერებათა დოქტორმა სოსო მახარაშვილმა, აწ გარდაცვლილმა მეცნიერმა. რედაქტორი მაია რაფავა, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2012.
“ოთხმეოცთა წვალებათათვის” უმნიშვნელოვანესი ანტიერეტიკული ნაშრომია, რომელიც ქართულად ერთ-ერთმა თვალსაჩინო საეკლესიო მამამ, თეოფილე ხუცესმონაზონმა გადმოიღო. თარგმანის ბერძნულ დედანთან შედარების საფუძველზე გამოკვლეულია ამ თხზულების ისტორიის ზოგიერთი მხარე: თეოფილეს თარგმანი დღეისათვის დაკარგული ბერძნული დედნიდან უნდა იყოს შესრულებული. ეს მიგნება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ძველი ქართული მწერლობის ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას ზოგად-ბიზანტინოლოგიურ ჭრილში. ეპიფანე კვიპრელის ეს თხზულება გახდა ერთ-ერთი ძირითადი წყარო XII ს-ის ცნობილი ლიტურგიკული ნაწარმოებისა “გალობანი მწვალებელთა ყოველთა შეჩუენებისანი,” რაც ლიტერატურული დოკუმენტის სახით გამოუყენებია იოანე შავთელს პოემა “აბდულმესიანში.”

ნიკიტა სტითატის ანტიმონოფიზიტური სიტყვები.

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ფილოლოგიის დოქტორმა მაია რაფავამ. რედაქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2013.
წიგნში თავმოყრილია XI ს-ის თვალსაჩინო ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ნიკიტა სტითატის სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული ხუთი პოლემიკური სიტყვა. ამ პოლემიკური ნაწარმოების მიხედვით მკითხველმა შეიძლება წარმოდგენა შეიქმნას XI ს-ის ბიზანტიის იმპერიაში საღვთისმეტყველო საკითხებისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ არსებულ დისკუსიაზე, რომელიც მიმართული იყო სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ. თხზულების ქართული თარგმანი შესრულებულია გელათის სალიტერატურო სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, არსენ იყალთოელის მიერ, ამდენად. თარგმანის ენა გელათის სკოლის ენობრივი და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ნორმებით ხასიათდება და კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესწავლის კუთხით.

ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტომი V.

შეადგინა ფილოლოგიის დოქტორმა ენრიკო გაბიძაშვილმა. წინამდებარე ტომი მოიცავს ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიას. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2014. მთელი სასულიერო მწერლობისათვის 6 ტომად გამოცემული სრული დარგობრივი ბიბლიოგრაფიის მე-5 ტომი გზამკვლევია ლიტურგიკითა და ჰიმნოგრაფიით დაინტერესებული მკითხველისა და მკვლევარებისათვის: მასში თავმოყრილია ინფორმაცია ამ ორ სფეროში არსებული ყველა ქართულენოვანი ძეგლის შესახებ: რომელ და როდინდელ ხელნაწერებშია ისინი დაცული, ვინ არის მათი ავტორი თუ მთარგმნელი, გამოცემულია თუ არა ძეგლი. მასალას წინ უძღვის ამ დარგების ზოგადი მიმოხილვა, დაფუძნებული როგორც ავტორის პირად კვლევაზე, ასევე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე.

წმიდა გრიგოლ ნოსელი.  თარგმანება ქებისა ქებათაჳსა.

ეგზეგეტიკური ხასიათის ნაშრომი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ფილოლოგიის დოქტორმა გულნაზ კიკნაძემ. რედაქტორი ნინო მელიქიშვილი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2013. “ქება ქებათა” ერთ-ერთი ყველაზე დაფარული შინაარსის მქონე ბიბლიური წიგნია, რომლის განმარტებაზეც არაერთ წმინდა მამას უშრომია. ამიტომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულება მნიშვნელოვანი და ფასეულია როგორც ძველი ქართული მწერლობის მკვლევართათვის, ასევე ყველა დაინტერესებული მკითხველისათვის. გრიგოლ ნოსელისეული ვრცელი განმარტებები იმ სახით არის მოწოდებული, რომ ისინი, ამავე დროს, ბიბლიის სხვა წიგნების ტექსტის განმარტებებსაც წარმოადგენს. ამდენად, “თარგმანებაÁ ქებისა ქებათაÁსაÁ” სცილდება ერთი, თუნდაც ძალზედ მნიშვნელოვანი ბიბლიური წიგნის განმარტებას და უაღრესად მასშტაბურ და ღირებულ ნაშრომს წარმოადგენს.

იოანე ოქროპირი.  “მარგალიტი.”- სერია  “ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები.”  II ტომი.

ჰომილიათა კრებული. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ფილოლოგიის დოქტორმა ნინო მელიქიშვილმა. რედაქტორი ედიშერ ჭელიძე, ფილოლოგიის დოქტორი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, თბილისი, 2015.
IV-V სს-ის დიდი ბიზანტიელი მამის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიათა კრებულ `მარგალიტის” ქართული თარგმანი შესრულებული X-XI სს-ში უდიდესი ქართველი საეკლესიო მამისა და მოაზროვნის, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ. კრებული წარმოადგენს სწავლების ფორმის მქონე ამონარიდებს იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან, თარგმანებებიდან და საუბრებიდან. `მარგალიტის” ქართული თარგმანის სტრუქტურა შემუშავებულია მთარგმნელის მიერ – ბერძნული წყაროს მისთვის დამახასიათებელი მეთოდით გადამუშავების შედეგად ეფთვიმე მთაწმიდელმა ღრმა საღვთისმეტყველო ნააზრევი უაღრესად გამარტივებული და ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ფორმით გადმოსცა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში მიმოხილულია ის უძველესი, XI-XIII სს-ის ნუსხები, რომელთაც ემყარება გამოცემა, ნაჩვენებია მათი ურთიერთდამოკიდებულება და, ასევე, კავშირი `მარგალიტის” შემცველ გვიანდელ, XVIII-XIX სს-ის ნუსხებთან, შესწავლილია ქართული რედაქციის მიმართება ბერძნულ წყაროსთან

წმინდა კლიმენტი რომაელი. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მეორე გამოცემა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა. 2015.

საღვთისმეტყველი-სამეცნიერო შრომები. III-IV-V ტომები

“გრაგნილი” I-II-III ტომები.

საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების VI ტომი
ტომში წარმოდგენილი ნაშრომები მეცნიერების ფართო სპექტრს მოცავს: ღვთისმეტყველებას, ეკლესიის ისტორიას, საეკლესიო ფილოლოგიას, ლიტურგიკას, წმინდა წერილს. კერძოდ, დაბეჭდილია შემდეგი გამოკვლევები:

1.პროტოპრესვიტრი გიორგი ზვიადაძე – ბიბლიური ციტაცია წმ.კლიმენტი რომაელის პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ.

2. ირაკლი ორჟონია – ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების ანალიზი.

3.ედიშერ ჭელიძე – საქართველოში მართლმადიდებელი  ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი (პირველი ნაწილი).

4. მაია რაფავა – წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველის პირველი თეოლოგიური სიტყვის (Or. 27) ორი ძველი ქართული თარგმანი.

5.დეკანოზი ბიძინა გუნია – IX ოდის გალობის თავისებურებათა შესახებ.

6.ლევან ჯულაყიძე – ეკლესიის კურთხევის ძველი ქართული წეს-განგებანი.

7.დეკანოზი გიორგი ვაშალომიძე – ძველი და ახალი აღთქმის მსხვერპლშეწირვათა ურთიერთმიმართების შესახებ.

ტომის რედაქტორია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე, ხოლო რეცენზენტი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ანა ჭუმბურიძე.

ხატწერის ტექნოლოგია

 წიგნის ავტორია გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად ტყემალაძე, რედაქტორი – თამარ ჩუბინიძე, რეცენზენტები: დეკანოზი იოსებ ვანიძე,  რესტავრაციის კათედრის გამგე მერაბ ბუჩუკური და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ღურჭუმელია. სახელმძღვანელო შედგენილია რუსულენოვან მკვლევართა შრომების მიხედვით. წიგნი აგებულია თბილისის სასულიერო აკადემიის  არქიტექტურის, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად და განკუთვნილია ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

რელიგიურ თემაზე გამოცემული წიგნების ანოტირებული ბიბლიოგრაფია, 1978-2015.

ნაშრომი მოიცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია  II-ის აღსაყდრების პერიოდიდან (1978წ.) დღემდე რელიგიურ თემაზე ქართულ  ენაზე შექმნილ და თარგმნილ ლიტერატურულ პროდუქციას. მასალა დალაგებულია შემდეგი თემატიკის მიხედვით: წმინდა წერილის გამოცემები, წმინდანი ავტორები, საეკლესიო მწერლები, საერო ავტორები (კრებულები, თარგმანები, გამოკვლევები),ლოცვები,კალენდრები. პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორია დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია,რედაქტორი – ხათუნა მემანიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, რეცენზენტი – ნინო მელიქიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.წიგნი განკუთვნილია თეოლოგებისა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის,  რელიგიური საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში.
პუბლიკაციის ავტორი გახლავთ პროფესორი  ავთანდილ ასათიანი, რედაქტორია პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი იმერ ბასილიძე, რეცენზენტები – რუსუდან წიქვაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, და ხათუნა მემანიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს, სადაც განხილულია აღზრდის საკითხები ბიბლიურ იუდაიზმში. დასაბუთებულია ღვთიური სამყაროს როლის მნიშვნელობა აღზრდაში, კანონის ანუ რჯულის პედაგოგიკის პრიმატი და სიბრძნის დიდაქტიკა იუდაიზმში. გაანალიზებულია იუდაისტური და ანტიკური აღზრდის სისტემები და მოცემულია იუდაისტური აღმზრდელობითი ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია. 
წიგნი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ქრისტიანული პედაგოგიკის შესწავლაში. მასში განხილული საკითხები საინტერესოა, აგრეთვე, რელიგიის პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და მულტიკულტურულ საზოგადოებაში ტოლერანტობის ჩამოყალიბების პრობლემებზე მომუშავე პედაგოგებისათვი