თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

14.02. 2019

მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით  არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს.

აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების  დარღვევები:

  1. ქრისტიანული ეთიკის ყველა ნორმის დარღვევას წარმოადგენს გოჩა ბარნოვის განცხადება იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდის წევრები „ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ“. ბარნოვი აფართოებს თავის ბრალდებას და ცილს სწამებს მთლიანად საქართველოს ეკლესიას, აბრალებს რა მას პრორუსულობას. აი, გოჩა ბარნოვის შესაბამისი სიტყვები: „საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს… მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“.  მან იგივე ცილისწამება დაადასტურა 11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე. ასევე ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი სიტყვები: „ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას“. დაუშვებელია, რომ ნორმალურ ადამიანებად და საღ ჭკუაზე მყოფებად არ მიიჩნიო ეკლესიის იარარქები და, საზოგადოდ, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი პირი.
  2. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამდებობრივი ინსტრუქცია − 8.7. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პედაგოგის მოვალეობა, კერძოდ, „რექტორთან (პრორექტორთან) პრესასა და ელექტრონულ მედიაში გამოსაქვეყნებელ იმ პუბლიკაციათა შეთანხმება, რომლებიც სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ, კანონიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“. აღნიშნული ქვეპუნქტი დაირღვა გოჩა ბარნოვის უაღრესად შემაშფოთებელი და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფარი განცხადებით:

თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“.

  1. გოჩა ბარნოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის 2018 წლის 14 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება1.15. პუნქტი, რომლის თანახმად, სასწავლებლის პედაგოგს ეკრძალება: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანი რეპუტაციის, პრესტიჟის შემლახავი ცნობების რაიმე ფორმით გავრცელება“. აგრეთვე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესი − 8.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სასწავლებლის თანამშრომელთათვის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ან/და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი განურჩევლად იმისა, თსას-შია ჩადენილი თუ მის გარეთ“.

აღნიშნული პუნქტები დაირღვა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებით:

„მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ.

აღნიშნული განცხადება უკიდურეს შეურაცხყოფას აყენებს როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ისე მთელ საპატრიარქოს და თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა პედაგოგს, მაშინ როცა სინამდვილე რადიკალურად განსხვავებულია, ვინაიდან სწორედ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შუამდგომლობით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში პერიოდულად იგზავნებოდნენ და იგზავნებიან აკადემია-სემინარიის წარჩინებული სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში მათ შორის, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ თავად გოჩა ბარნოვი საკუთრივ აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პირადი ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე მისი უშუალო შუამდგომლობით სასწავლებლად გაგზავნილ იქნა საბერძნეთში. თვალსაჩინო რომ გახდეს აღნიშნული ბრალდების აბსოლუტური უსაფუძვლობა, წინამბდებარე განცხადებას ვურთავთ იმ სტუდენტების არასრულ სიას, შესაბამის ქვეყნებსა და ქალაქებზე მითითებით, რომლებიც სწორედ აკადემიის სახელით იქნენ გაგზავნილნი ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში.

ამავე პუნქტის დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებები:

ა) „ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად ამხანაგების“: მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა“ (11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე გოჩა ბარნოვმა დააკონკრეტა, რომ იგი „ამხანაგებს“ უწოდებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მათი (გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის, დეკანოზ ბიძინა გუნიას, თბილისის სასულიერო აკადემიის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას და თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ქალბატონ გვანცა კოპლატაძის) მოქმედება აგონებს მას (ბატონ გოჩა ბარნოვს) „ძველ ბოლშევიკურ გადმონაშთს“.

ბ)  „ეს სხდომა წინასწარ იყო ორკესტრირებული, იქ შეკრებილნი იყვნენ ჩემს დასასჯელად და არც მეტი და არც ნაკლები პატრიარქისა და ეკლესიის მტრობას მაბრალებდნენ“.

გ) „სამეცნიერო საბჭოს რამდენიმე წევრმა პირადად შემატყობინა, რომ რექტორისაგან ამორჩეული რამდენიმე დოქტორანტი, ტელეფონით უკავშირდებოდა საბჭოს წევრებს. ზოგიერთ მათგანს ტელეფონშივე უკითხავდნენ მათ ზურგსუკან შედგენილ ახალ საბრალდებო ტექსტს და რექტორის სახელით მათგან დაჟინებით მოითხოვდნენ ფორმალურ თანხმობას.

დ) „ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ აკადემიის რექტორს. ეს მისი სტილია, შავი საქმეები სხვისი ხელით გააკეთოს.  ამ შემთხვევაში ასეთი ინსტრუმენტი სამეცნიერო საბჭოა. ამ უკანასკნელის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ტრადიციული პროცედურების გარეშე არაფორმალურ ვითარებაში აქვთ მინიჭებული. ისინი პირადად რექტორ ზვიადაძისაგან არიან დავალებულნი ამ ფსევდო აკადემიური ხარისხების და მასზე დაფუძნებული აკადემიური პოზიციების გამო. სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთი წევრი თავისი სპეციალობით გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ არ გააჩნია თეოლოგიური განათლება და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით მოიპოვეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. რექტორი გიორგი ზვიადაძე, როგორც ჩვევია მოურიდებლად ახსენებს ყველას, თუ ვინმესთვის რამე გაუკეთებია და მადლიერების სახელით მათგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. სწორედ ამით აიხსნება, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სამეცნიერო საბჭოს მართლაც რამდენიმე ღირსეულ წევრს აიძულა დავესაჯე ჩემი ფეისბუკ პოსტების გამო.

 

საბჭომ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ აკადემიაში საქმიანობის პერიოდში გოჩა ბარნოვმა არაერთგზის დაარღვია შრომითი დისციპლინა,  რის გამოც მის მიმართ  გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის ზომები (სიტყვიერი გაფრთხილებები და საყვედური, რის გამოც მას ერთი წლით შრომითი ხელშეკრულებაც კი ჰქონდა შეწყვეტილი). ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მან კვლავ განაგრძო  მსგავსი ქმედებანი.

7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შექმნილმა კომისიამ შესთავაზა გოჩა ბარნოვს, წერილობითი სახით წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და გამოეხატა გულწრფელი სინანული მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

14 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვი წარმოადგენდა შესაბამის წერილობით ახსნა-განმარტებას და გამოხატავდა გულწრფელ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო. მან, მართალია, წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება და გამოხატა გარკვეული სინანული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი. აღსანიშნავია, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვის ახსნა-განმარტება წარმოადგენდა პასუხს თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 8 თებერვლის განცხადებაზე, თუმცა როდესაც იგი მოიწვიეს 14 თებერვლის საბჭოს სხდომაზე და წაუკითხეს 7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომის შემდეგ მის მიერ გაკეთებული ახალი ცილისმწამებლური განცხადებები, ერთი მხრივ, იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიას თითქოსდა „შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“ და რომ თურმე ამის გამო „გადაემტერნენ“ გოჩა ბარნოვს, ხოლო მეორე მხრივ, იმის შესახებ, რომ თითქოსდა აკადემიის რექტორი „თავის შავ საქმეებს“ სხვისი, კერძოდ, სამეცნიერო საბჭოს ხელით ასრულებს, მან პასუხად, ნაცვად სინანულისა, განაცხადა, რომ არ აპირებდა მეტი ახსნა-განმარტების დაწერას, რითაც საერთოდ უარი თქვა ზემოხსენებულ ცილისწამებათა აღიარებაზე.

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა სრულიად დაუშვებლად და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნიეს არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენა ძალიან სურს ბ-ნ გოჩას, რომ ამ გზით საკუთარი თავი თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო დევნილად წარმოუდგინოს საზოგადოებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა, რასაც მისგან არაერთგზის ჰქონდა ადგილი.

საგანაგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა, მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და თითოეული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოსთვის.

აშკარაა, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების მხრიდან მცდელობა იმისა, რომ სხვადასხვა სახის ცილისმწამებლური განცხადებების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რის გამოც თბილისის სასულიერო აკადემია იტოვებს უფლებას, საზოგადოებისადმი უდიდესი პატივისცემით, შესაბამისი პასუხი გასცეს ყოველ ამგვარ დეზინფორმაციას.

თბილისის სასულიერო აკადემიის ინიციატივით და შუამდგომლობით

საზღვარგარეთ სწავლების კურსი დაასრულეს შემდეგმა სტუდენტებმა:

  1. გოჩა ბარნოვი – ათენის უნივერსიტეტი (1998 – 2002);
  2. ლევან ბუკია – ათენის უნივერსიტეტი (2004-2008);
  3. ზაზა ეჯიბიშვილი (მამა მიქაელი) – ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);
  4. ავთანდილ წერეთელი – ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);
  5. ავთანდილ გიუნაშვილი – ათენის უნივერსიტეტი (2005-2010);
  6. დიმიტრი ნაჭყებია – ათენის უნივერსიტეტი (1998 – 2002);
  7. არკადი ხაჩიძე (მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი) – ათენის უნივერსიტეტი (1998 – 2002);
  8. მღვდელი გიორგი ხაჩიძე – ათენის უნივერსიტეტი (1998 – 2002);
  9. დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე – რომის რუსიკუმის უნივერსიტეტი (1996-1997);
  10. სერგო ფარულავა – რომის უნივერსიტეტი (2000-2004);
  11. თემურ ბუაძე – ფრაიბურგის უნივერსიტეტი (2000-2004);
  12. დავით ჩანადირი – ლონდონის უნივერსიტეტი (2000-2004);
  13. არქიმანდრიტი აბო ჩიჩუა – პარიზის სენ-სერჟის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (2000-2004);
  14. დეკანოზი ანდრია თოდაძე – შტუტგარდის უნივერსიტეტი (2000-2004);
  15. დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი – კონსტანცას ოვიდიუსის სახ. უნივერსიტეტი (1999-2002);
  16. სუბელიანი კობა – გერმანია (2000-2004).
  17. ზაქრო ნათენაძე  (2014-2018) – ათენის უნივერსიტეტი.

 საზღვარგარეთ სწავლას აგრძელებენ შემდეგი სტუდენტები:

ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი:

  1. ნინო საძაგლიშვილი
  2. ნიკოლოზ ღონღაძე
  3. დავით ნებიერიძე
  4. კახაბერ უსუფაშვილი
  5. თორნიკე მამნიაშვილი
  6. ივანე შოშიაშვილი

შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი:

შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს:

  1. საბა კევლიშვილი
  2. იეროდიაკონი გაბრიელი (ნოდარ)  ბარათაშვილი

პარიზის სენ-სერჟის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი:

  1. გრიგოლ კუბლაშვილი – დოქტორანტურა, III კურსი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საბჭომ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, დაადგინა, რომ ბ-ნ გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ  ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას (რაც დადასტურდა საბჭოს წევრთა ხელმოწერებით). აქვე აღვნიშნავთ, რომ საბჭოს სამმა წევრმა, დეკანოზმა, პროფესორმა მიქაელ გალდავამ, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა თეა ბეჟუაშვილმა, ერთი მხრივ, სრულად გაიზიარეს აკადემიის საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია, რომ გოჩა ბარნოვის ზერმოაღნიშნული განცხადებები შეურაცხმყოფელია და ცილისმწამებლური საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს, აკადემიის რექტორის და აკადემის სამეცნიერო საბჭოს მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, გამოთქვეს აზრი, რომ გოჩა ბარნოვისადმი დისციპლინური სახდელის ზომად გამოყენებული იყოს მხოლოდ უკანასკნელი საყვედური.

 

Picture10Picture10 001Picture10 002Picture10 003Picture10 004

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

February 14, 2019

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>