ნათლისღება

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს მდინარე იორდანის წყალში მაცხოვარმა ნათელი იღო მისი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის ხელით. იოანე შეაძრწუნა უფლის ხილვამ იორდანეში წყლითა და სინანულით მოსანათლავთა შორის: ,,მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემ თანა მოხუალა?” მაგრამ იესომ მიუგო: “ჯერ არს ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე”, და სიმდაბლით მოუდრიკა მას თავი ნათლისსაღებად. მაშინ გაისმა ხმა ზეცით: ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ!” ეს იყო ხმა მამა ღმერთისა, ხოლო სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა ციდან და მხარზე დაადგრა იესოს. ასე გამოეცხადა ახალი აღთქმის ეპოქაში კაცობრიობას ყოვლადწმინდა სამება. ამიტომაა, რომ ნათლისღების დღესასწაული გამოცხადებად ბერძნულ ენაზე ,,ეპიფანიად“ Επιφάνεια იწოდება. ნათლისღების დღეს წმინდა ტაძრებში წყლის კურთხევა, ანუ აიაზმა აღესრულება.

ნათლისღების დღესასწაულის ლიტურგიკული განგება და საგალობლები  დასტურდება უძველეს ქართულ ლიტურგიკულ ხელნაწერებში. მეათე საუკუნეში შატბერდის მონასტერში შექმნილ მიქელ მოდრეკილის იადგარში გვხვდება ქართველი ჰიმნოგრაფის იოანე მტბევარის დაწერილი  ნათლისღების შესანიშნავი ჰიმნოგრფიული კანონი:

 

მოვედით, ერნო,

და ვიხარებდეთ

ნათლისღებასა ქრისტეჲსსა

იოვანეს მიერ,

რომელმანცა პირველად

საშოჲთ გამო თაყუანის-სცა

და აქა წყლითა ნათელს-სცემს.

ნათელს-ვიღოთ მის თანა

ჩუენცა

წყლითა სიწმიდისაჲთა,

რომელი დიდებულ არს.

 

ნათელი უსხეულოჲ და ცეცხლი ღმრთეებისაჲ მოვიდა

ნათლისღებად იოვანესგან,

განკჳრდეს ქერობინნი,

ბორცუნი იმღერდეს, ვითარცა კრავნი,

რაჟამს ღმერთი ყოველთაჲ

მოხუედ სიმდაბლით, რომელი ძლიერ ხარ.

 

January 18, 2019

0 Responses on ნათლისღება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>