ქრისტეს შობა

ახალი სტილით 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.  შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილიმოციქულ მათეს (რომელიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, ამდენად იგი მესიის ხორციელ წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა“ (მათე 1,1-17).

     წმინდა ლუკა მახარებელი კი აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობა რომის იმპერიაში გამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა, იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ. ქრისტეს შობას ასე აღწერს ლუკა მახარებელი: ,,იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს“. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“ როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა“. გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა. როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ. მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში. და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ“ (ლკ.2:1-20).

January 6, 2019

0 Responses on ქრისტეს შობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>