ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

წმინდა ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. მისი მშობლები იყვნენ წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა. მათ ერთად ორმოცდაათი წელი იცხოვრეს, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო, რადგან ფიქრობდა, რომ მათი უშვილობის მიზეზი მათივე მძიმე შეცოდება უნდა ყოფილიყო. მართალი ცოლ-ქმარი დიდმა მწუხარებამ მოიცვა. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა. უფალმა შეისმინა ანას ლოცვა – ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული – მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს: როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი სამი წლის გახდა, მათ უხმეს ახლობლებს, ყრმა ღვთისმშობელი საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ეკლესიაში პატარა მარიამს ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება, რომელსაც, ღვთის შთაგონებით, მისთვის ხელი არ შეუშლია ,,წმიდათაწმიდაში“ შესულიყო, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ. წმიდათაწმიდა სასუფეველს განასახიერებდა, ხოლო ადამიანების იქ არ შესვლა – მათთვის სამოთხის დახშულობას. ,,წმიდათაწმიდაში“ შესვლა მოასწავებდა, რომ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილი განკაცებული ღმერთის მიერ სასუფევლი ,,გაიხსნებოდა“ და იქ მის მიერ გამოხსნილი კაცობრიობა შევიდოდა. ამის შემდეგ წმინდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იქ ცხოვრობდა და იზრდებოდა.

ტროპარი:
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი:
ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

December 4, 2018

0 Responses on ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>