გიორგობა

23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ – 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება. 6 მაისს ეკლესია წმინდა მხედრის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე. მეათე საუკუნის ქართული ლიტურგიკული ხელნაწერის იერუსალიმური ლექციონარის მიხედვით ნოემბერში დადგენილი წმინდა გიორგის ხსენების დღე უძველესი იერუსალიმური დღესასწაულის ანარეკლია, რაც წმინდა გიორგის თავის ლიდიაში დაფვლას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებსა და იადგარებში ნოემბერსა და აპრილში წმინდა გიორგის დღესასწაულის სხვადასხვა განგებაა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია ადრეული საუკუნეებიდანვე იცნობდა ამ წმინდანთან დაკავშირებულ განსხვავებულ დღესასწაულებს და ტრადიციით დღემდე აღინიშნება ეს ორი ხსენება.
წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში. იგი რომის იმპერიის ჯარში მსახურობდა. ამ დროს იმპერატორი იყო დიოკლიტიანე და მან გიორგი ლაშქრის ერთ-ერთ მხედართმთავრად დაადგინა.
დიოკლეტიანე 15 წელი მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა. მალე იმპერიაში ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები. ამ ყველაფერმა შეარყია იმპერია. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. სამწუხაროდ, დიოკლიტიანემ თავის მრჩევლებს დაუჯერა და მისი ბრძანებით ქრისტიანების საზარელი დევნა და წამება დაიწყო. სწორედ ამ დროს ეწამა წმიდა გიორგი. იგი წარდგა იმპერატორის წინაშე და მტკიცედ აღიარა ქრისტე. იმპერატორმა სხვადასხვა სახის წამება მიუსაჯა წმინდანს. მათ შორის ყველაზე მძიმე ურმის მბრუნავ ,,ბორბალზე“ სხეულით დაკვრა იყო. თვლის ქვეშ წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული. როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ ითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: „იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა, სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?“ იმპერატორის ბრძანებით მოწამე დაჭრილი და დაკუწული სხეულით დატოვეს ურმის თვალზე და თვითონ სასამხროდ წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ზეციდან მოისმა ხმა: „განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენ გამო“, და როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმათ, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: „გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს“.
წმინდა გიორგის საქართველოში განსაკუთრებული პატივს მიაგებენ, წმინდანის სახელზე მრავალი ეკლესია – მონასტერია აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

November 22, 2018

0 Responses on გიორგობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>