მცხეთა _ მეორე იერუსალიმი

2018 წლის 12 ოქტომბერს, 11 საათზე, რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა მცხეთის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მცხეთა – მეორე იერუსალიმი”. მისასალმებელი სხდომა გახსნა წმ. სამების ლავრის წინამძღვრის მოადგილემ, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ. მან დამსწრე  საზოგადოებას მიულოცა მცხეთობის სახალხო დღესასწული და ისაუბრა მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მცხეთის თანავნებულობა უფალთან იწყება მცხეთელი ელიოზის დედის გარდაცვალებით.

სხდომას ესწრებოდნენ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პატრიარქის თანმოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო,

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამავე აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საპატიო სტუმრები.

კონფერენციის პირველ ნაწილში მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ.

დამსწრე საზოგადოებას გულითადი მისალმებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან აღნიშნა, რომ არ არის შემთხვევითი, რომ დღეს ტარდება სამეცნიერო კონფერენცია. ზეგ ქართველი საზოგადოება ზეიმობს სვეტიცხოვლობას. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. საქართველოშია დავანებული ელია წინასწარმეტყველის ხალენიც და მაცხოვრის კვართიც. ძველმა იერუსალიმმა ახალ იერუსალიმს – მცხეთას გადმოსცა მადლი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მადლის მისაღებად. იგი გამოვიდა წინადადებით, რომ მცხეთაში, რომელიმე მთაზე, აიგოს ჩვენი ერს წინაპრის – ქართლოსის სიმბოლური საფლავი. ეს მოვლენა კიდევ უფრო გააძლიერებს მცხეთის მნიშვნელობას. უწმიდესმა ილია მეორემ დალოცა დამსწრე საზოგადოება და შესთხოვა უფალს, რომ მადლი ახალი და ძველი იერუსალიმისა გადმოვიდეს მთელ საქართველოზე.

მისასალმებელი სიტყვით გამოსულმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა მცხეთაზე, როგორც ახალ იერუსალიმზე. თავდაპირველად ის შეეხო ბიბლიურ ისტორიას. კერძოდ იმას, როგორ განჭვრიტა ებრაელთა მეფე დავით წინასწარმეტყველმა, რომ იერუსალიმი გახდებოდა სატახტო ქალაქი. მან ასევე გაიხსენა სალემის მეფე მელქისედეკი – მეუფე მშვიდობისა და სიმართლისა.

პროტოპრესვიტერმა დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახა მცხეთის ტოპონიმიკაში იერუსალიმი. მან ასევე ისაუბრა თუ  როგორ ჰქონდათ მუდმივი ხსოვნა მცხეთელებს მესიისა და როგორ მოელოდნენ მას.

მან მოიხმო შესაბამისი მასალა უძველესი იადგარებიდან, განსაკუთრებით, იოანე ბოლნელის საგალობლებიდან და შენიშნა, რომ აღნიშნულ მამასთან იერუსალიმი სამოთხედაა მოაზრებული.

პროტოპრესვიტერმა გიორგიმ აღნიშნა შატნერდის კრებულის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, სადაც გამოკვეთილადაა ნათქვამი, რომ კვართის ჩამობრძანება მცხეთაში იყო ღვთის ნება. ჩვენ სულიერად ყოველთვის უნდა ვიყოთ დაკავშირებულნი მცხეთასთან.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა  თავის მისასალმებელ სიტყვაში მხარი დაუჭირა არქიმანდრიტ ილია ნასიძის პათოსს, რომ მცხეთას ეწოდოს ახალი იერუსალიმი. მან დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ქართლოსის ძის, მცხეთოსის მიერ მცხეთის დაარსების ისტორია. ასევე, ისაუბრა, თუ როგორ დაარსა ფარნავაზმა პირველი იბერიის სამეფო. როგორ იქცა ეს ადგილი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა მცხეთის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქრისტიანობის ეპოქაში. საქართველოს ეკლესიის ატოკეფალიის საკითხზე და სხვ.

მცხეთის ორგვარ გაგებაზე იმსჯელა პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ. მან აღნიშნა, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმიც და მეორე იერუსალიმიც. მათ შორის კი ნიუანსური სხვაობაა. აღნიშნული ტერმინის დასასაბუთებლად მან პარალელი გაავლო მაცხოვრის როგორც, ერთი მხრივ, ახალი ადამის და, მეორე მხრივ, მეორე ადამის გააზრებასთან. პროფესსორ ე. ჭელიძის თქმით, როგორც პირველმა ადამმა შემოიკრიბა კაცობრიობა, ასევე, მეორე ადამმა –მაცხოვარმა. მეორე გაგებით ახალი ცვლის ძველს. ახალმა ადამმა გამოისყიდა ძველი ადამის ცოდვა. ასევეა მცხეთაც, როგორც ახალი იერუსალიმი, ის თანაშეენაცვლა იერუსალიმს. ელიოზის დედა თანავნებული გაუხდა მაცხოვარს. მცხეთა ჭეშმარიტი იერუსალიმია, რომელიც არ მოაკვდინებს უფალს.

ე. ჭელიძემ ასევე ისაუბრა პირველი საუკუნის ლიტურგიკულ პრაქტიკაზე და იმ ტერმინებზე (ოდიკი, ემბაზი, მარტვილია), რომელიც დაივიწყა კონსტანტინეპოლმა და შემოინახა ქართულმა საღვთისმსახურო ტრადიციამ. მისი თქმით, მცხეთა წმინდა სანაწილეა, რმელშიც ღვთის ნებით, მაცხოვრის კვართია შენახული. ამ ფაქტს მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხდომილობა, მისი კვართის, შემდეგ კი ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანება.

ე.ჭელიძის თანახმად, მეორედ მოსვლის ჟამს დიდებით მოსული უფალი შეიმოსება თავისი კვართით, რომელიც მცხეთაშია დაფლული. ეს განსაკუთრებული ჟამი წინ არის და გვაახლოებს მეორედ მოსვლის დროსთან.

სამეცნიერო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი, პროფესორი ლელა ხაჩიძე, ღვთისმეტყველების დოქტორი ირაკლი ორჟონია და ღვთისმეტყველების მაგისტრი გიორგი ჯულაყიძე.

აკადემიკოსმა ელდარ ბუბულაშვილმა ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით ჭრილში მიმოიხილა უფლის კვართის ისტორია. მან ისაუბრა წმ. ნინოს ცხოვრების ოთხ რედაქციაზე, ასევე ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰერალდიკურ ძეგლებში დაცულ მასალაზე. აღნიშნა, რომ XII ს-ის მოღვაწე ნიკოოლოზ გულაბერიძე პირველია, რომლის უწყებით კვართი სვეტიცხოველშია დაფლული. მისი დაფუძნება არის ნიშანი საქართველოს ეკლესიის დაარსებისა. მან ასევე მიმოიხილა კათოლიკე მისიონერთა ცნობები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აკადემიკოსმა ე. ბუბულაშვილმა ისიც აღნიშნა, თუ რა ვითარებაა რუსულ წყაროებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დასკვნის სახით კი აღნიშნა, რომ არსად დასტურდება კვართის რუსეთში გატანის ფაქტი.

წმ. ნინოს ცხოვრების რედაქციებზე ასევე ისაუბრა პროფესორმა ლელა ხაჩიძემ. მისი თქმით, თხრობა სვეტიცხოვლის აღმართვის შესახებ იდენტურია წმ. ნინოს ცხოვრების სინურ რედაქციასთან. მან დაწვრილებით ისაუბრა ნიკოლოზ გულაბერისძის ნაშრომზე და აღნიშნა, რომ სასწაულების სიმრავლით თუ მანმადე გამოირჩეოდა ბიზანტიური ჰაგიოგრაფია, აღნიშნული ნაშრომი სწორედ ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი. ნ. გულაბერისძემ შექმნა საკითხავი დ მთელი ლიტურგიკული განგება. მან ასევე ისაუბრა ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულ ცნობებზე, კერძოდ, “თვენის” I რედაქციაზე, გიორგი მთაწმინდელის “თვენზე” და სხვ.

ღვთისმეტყველების  მაგისტრ გიორგი ჯულაყიძის თქმით, მცხეთა და ქართული საღვთისმსახურო ტრადიცია განუყოფელია. მან ისაუბრა იერუსალიმურ  ლექციონარზე, მის რედაქციებზე. აღნიშნა, რომ მცხეთაში ჯვრის აღმართვა და ჯვრის გამოცხადება ეხმიანება ჯვართა აღპყრობის და იერუსალიმში ჯვრის გამოცხადების დღესასწაულებს.

მცხეთის სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა ღვთისმეტყველების დოქტორმა ირაკლი ორჟონიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვნების შვიდეულში მომხდარი მოვლენებს იმეორებს მცხეთის ტოპონიმიკა.

კონფერენციის დასასრულს არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწერა ელიოზის   და სიდონიას დედის ხატი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე). 14 ოქტომბერს, დილის 9 სთ-ზე, პარაკლისს სამების საკათედრო  ტაძარში ამ ხატის წინაშე გადაიხდიან. ამის შემდეგ წააბრძანებენ სცეტიცხოველში გალობით: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით”.

საზეიმო სხდომის ბოლოს არქიმნადრიტმა ილია ნასიძემ დალოცა დამსწრე საზოგადოება.

IMG_0085IMG_0022IMG_0089

October 12, 2018

0 Responses on მცხეთა _ მეორე იერუსალიმი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>