ღმრთისმშობლის შობა

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ღვთისმოსავი მშობლები: იოაკიმე და ანა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა – აარონის ტომის ღვთისმსახურის – მატთანის – უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანა; სოფიოს ასულმა, ელისაბედმა, იოანე წინასწარმეტყველი შვა. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი ღვთის მორჩილი და გულმოწყალე ადამიანები იყვნენ. მთელი მათი ცხოვრება უფლის სიყვარულით და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. ცოლ-ქმარი თავისი ქველმოქმედებითა და კაცთმოყვარებით ყველასგან გამოირჩეოდა. ასე მიაღწიეს მათ ღრმა სიბერემდე.  უშვილობის გამო ისინი მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ, რადგან იმდროინდელი წარმოდგენის თანახმად, უშვილობა ღვთის უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ეს ამბავი განსაკუთრებით სამწუხარო იყო დავითის შთამომავლებისათვის. იოაკიმეს და ანას ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ისინი უშვილობის გამო ყველასგან იყვედრებოდნენ. მათ გულში ჩაიკლეს პირადი მწუხარება და განსაცდელის სიმძიმე უდრტვინველად დაითმინეს. ცოლ-ქმარი მარხვით, ლოცვითა და ქველისმოქმედებით აგრძელებდა ცხოვრებას, ისინი ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალი თავის ერთგულ მონებს უნუგეშოდ არ დატოვებდა.

ებრაელები, ჩვეულების თანახმად,  დიდ დღესასწაულებზე იერუსალიმში ადიოდნენ. ერთ დღეს ტაძრის განახლების ნიშნად   თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლის შესაწირად იოაკიმეც მივიდა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა უშვილობის გამო მისი ძღვენი არ მიიღო: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა,“ – უთხრა მღვდელმთავარმა მას. თანამემამულეთა წინაშე დამცირებული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნდა და უდაბნოს მიაშურა, სადაც ორმოცი დღე და ღამე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. როდესაც ანამ ქმრის შეურაცხყოფის ამბავი შეიტყო,  ატირდა და თავისი მწუხარების დასაფარად ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა იმ იმედით, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი  კაცთათვის შეუძლებელს  შესაძლებლად აქცევდა! უცებ მის წინაშე ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი წარდგა, მან გულმდუღარედ მტირალს ასე მიმართა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენ ასულს სახელად მარიამი ეწოდება და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს“. ანგელოზმა ანას ურჩია, იერუსალიმში წასულიყო, სადაც ოქროს კარიბჭესთან ქმარს შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ქალმა წამოიძახა: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს.“ წმ. ანა უფლისათვის დიდებისა და მადლობის შესაწირავად იერუსალიმისკენ გაემართა.

უფლის ანგელოზი იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელმაც ახარა, რომ ღმერთმა მისი ლოცვაც შეისმინა და სასწარაფოდ ისიც იერუსალიმისკენ უნდა გამგზავრებულიყო. ღვთივსათნო ცოლ-ქმარმა ერთმანეთთან შეხვერდის შემდეგ  ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და სახლში დაბრუნდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ცოლ-ქმარიც წესისამებრ მოიქცა და ანგელოზის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდა, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენების დღესასწაულს ეკლესია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნიდან, აღნიშნავს. ამავე საუკუნეში მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე ტაძარი აღმართა. ეს დიდი, საყოველთაო დღესასწაული ათორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და  ძველი სტილით 8 სექტემბერს აღესრულება. ეს დღე უდიდესი ზეიმია კაცობრიობისათვის, რადგან სწორედ ქალწულ მარიამისაგან იშვა კაცობრიობის მხსნელი და ნუგეში, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ტროპარი: „შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკდილი და მოგვანიჭა ჩენ ცხოვრება საუკუნო.

კონდაკი: „იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

 

 

September 20, 2018

0 Responses on ღმრთისმშობლის შობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>