პატრიარქმა აკადემია-სემინარიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინდიქტიონი მიულოცა

დღეს, საეკლესიო ახალ წელს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ტრადიციულად, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ საზეიმო დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოთხ მღვდელმთავართან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში დღის 11 საათზე პარაკლისი გადაიხადა. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად პარაკლისს ესწრებოდნენ:  შიო  – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, დანიელი  – საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი,  მელქისედეკი  – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, გრიგოლი – წალკელი ეპისკოპოსი, პროტოპრესვიტერი გიორგი – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სხვა სასულიერო პირები და მრევლი.

პარაკლისის დაწყების წინ უწმიდესმა და უნეტარსმა ილია მეორემ სასულიერო აკადემიის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართა სიტყვით. მან აღნიშნა, რომ უფალს აღუვლენს ლოცვებს, რათა ჩვენს ახალგაზდებს მომადლოს ნიჭი სწავლისა, სიყვარულისა, მოთმინებისა, თავმდაბლობისა და მორჩილებისა. მან გაიხსენა თავისი სტუდენტობის წლები, გაიხსენა ერთი პროფესორის სიტყვები, რომლის თანახმად, სასულიერო სასწავლებელი ადამიანს აძლევს გასაღებს, რომლის კარგ შემნახველს განათლების კარი ფართოდ გაეღება.

მან, ასევე, ისაუბრა სიბრძნის არსზე და წმ. წერილის სიტყვებზე დაყრდნობით  აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი სიბრძნის საწყისი ღვთის შიშია. რომელიც თავის მხრივ, განმაპირობებელია ჩვენი წინსვლისა. კათოლიკოს-პატრიარქმა ერთმანეთს შეადარა სასულიერო და საერო სასწავლებლებში მიღებული განათლება. მისი თქმით, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდას აძლევს ფართო განათლებას. მან აქვე აღნიშნა, რომ განათლება იმ შემთხვევაშია ძვირფასი, როცა ის მორწმუნე ადამიანის კუთვნილებაა, სხვა შემთხვევაში კი  საშიშია.

უწმიდესმა და უნეტარესმა ახაგაზრდებს, უპირველესად, სულიერების, სარწმუნოებისა და თავმდაბლობის მოპოვებისკენ მოუწოდა. მან სტუდენტებს მეგობრობაზეც ესაუბრა. მისი ბრძნული სიტყვით დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს. ის ზეგავლენას ახდენს  ჩვენს პიროვნულ და ინტელექტუალურ ფორმირებაზე.

კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მამაშვილური რჩევით ახალგაზრდებმა თავი უნდა შეიკავონ უფროსების კრიტიკისგან. იგი ამპარტავნების ნიშანია და ადამიანს დაღუპვას უქადის.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმიდესმა   ერთხელ კიდევ მიულოცა ყველას ახალი სასწავლო წლის და საეკლესიო ახალი წლის დაწყება. მან დალოცა სრულიად საქართველოს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. უსურვა მშვიდობა და სიხარული.

მსახურების დასასრულს სიონის საკათედრო ტაძარში მყოფ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მრევლს საეკლესიო ახალი წლის, ინდიქტიონის, დაწყებასთან დაკავშირებით ღვთისმსახურები სიმბოლურად  ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

 

September 14, 2018

0 Responses on პატრიარქმა აკადემია-სემინარიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინდიქტიონი მიულოცა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>