ფერისცვალება

ახალი სტილით 19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ. მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

საეკლესიო სწავლებით თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს. ამის შესახებ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც ვკითხულობთ: „მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა“. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა – გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღვთაებრივი ნათელის. უფლის დიდების მხილველთ: პეტრეს, იაკობს და იოანეს უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს.

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე გამოჩნდა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა. პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.

პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან სასუფევლის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი.

ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

 

August 19, 2018

0 Responses on ფერისცვალება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>