ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი…

დღეს, ახალი სტილით 22 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ნიკოლოზ მთავარეპისკოპოსის წმიდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადასვენების დღეს აღნიშნავს. ნიკოლოზობა საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება, პირველად 19 დეკემბერს, ხოლო მეორედ 22 მაისს.

წმიდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და  მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის ბოძებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ნონასა და თეოფანეს ვაჟი აჩუქა, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა ჩვილობაშივე აღასრულა პირველი სასწაულები: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა; ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

წმ. ნიკოლოზი ბავშვობიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცვითა და წმიდა წიგნების კითხვით იყო დაკავებული. სულიერებასა და ღვთისმოშიშებაში დაწინაურებული ჭაბუკი ბიძამ (პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა) ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება“. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.

წმიდა ნიკოლოზი გამორჩეული იყო მოწყალებითაც, რასაც ის ხალხისგან მალულად, მხოლოდ ღვთისთვის დასანახად აკეთებდა.  ერთხელ, ერთმა კაცმა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა, სიღარიბისაგან თავის დაღწევის მიზნით თავისი სამი ასულის საროსკიპოში მიცემა გადაწყვიტა. ამ ამბით შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. გლახაკთმოყვარე წმიდანმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს მოახმარა.

წმიდა ნიკოლოზი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრებას ესწრაფვოდა, იერუსალიმში მოსალოცად მყოფს ეს წადილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, მაგრამ უფალმა მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის გამზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი – ომოფორი.

იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავარი უნდა აერჩიათ. როდესაც სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრებილი ეპისკოპოსები მკაცრი მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის,  ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: „პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია“. ღამით წმიდა ნიკოლოზი, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა და თავმოყრილ მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. მომხდარის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. „მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!“ – მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.

წმიდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროსაც არ შემდრკალა იგი და კვლავ მხნედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანი მოთმინებით იტანდა ყოველივეს და  სხვებსაც სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა. დევნის შეწყვეტისა და საიმპერატორო ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (306-337) ასვლის შემდეგ, ნეტარი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

გადმოცემის მიხედვით, 325 წელს გამართულ I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო, საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ აიტანა  არიოზის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენა და კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი – ღვთისმშობელი ომოფორით და უფლის რჩეულს კვლავ აღუდგინეს მღვდელმთავრის პატივი.

წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მას განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის მმართველის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე აღმართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბავს შეესწრნენ იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრებიც: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა. მაშინ მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს შურით გონებადაბინდულმა სხვა მხედართმთავრებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება სთხოვეს. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ შეპყრობილი მხედართმთავრები.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდად მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. ეკლესია სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავს  დღევანდელ დღეს.

წმიდა ნიკოლოზი გარდაცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: „ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათდა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ.“

 

ტროპარი:

„კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს”.

კონდაკი:

„მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა“.

 

 

May 21, 2018

0 Responses on ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი..."

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>