წმინდა გიორგი – მიწიერი სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლემდე!

დღეს, ახალი სტილით 6 მაისს, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი კაბადოკიელის გარდაცვალების დღეს აღნიშნავს (+303). წმიდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივებულმა დედამ  კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წაიყვანა შვილი და იქ განაგრძო მისი ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი მეომრული მონაცემებით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი რომის ლაშქარში განწესდა და თავისი სიმამაცითა და უშიშარობით მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა სახელოვანი მხედარი თავის პირად მცველად დანიშნა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას და მათი დევნისათვის სენატზე სრული თავისუფლება გამოაცხადა. ეს ამბავი რომ წმიდანმა შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკებს დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. – „რა არის ჭეშმარიტება?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ“, – უპასუხა ქრისტეს მხედარმა.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს, კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარის თქმის შემდეგ დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. ქრისტესთვის ნაწამებ მხედარს მოულოდნელად ზეციდან მანუგეშებელი ხმა შემოესმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა. წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს. ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ – ანატოლიმ და პროტოლეონმა, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გატეხეს.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. იგი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: „უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი“. მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი. თავად მისანმაც იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა მისანი ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.

იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა და ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა. ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი. შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

May 5, 2018

0 Responses on წმინდა გიორგი - მიწიერი სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლემდე!"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>