იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების, სიკვდილის მძლავრების დასასრულის, ჯოჯოხეთის წარმოცალიერებისა და კაცობრივი ბუნების პირვანდელ სამშობლოში დაბრუნების ზეიმი. ამ დღის განაკუთრებულობიდან გამომდინარე, წინა მოსამზადებელი პერიოდიც სხვა მარხვებთან შედარებით განსხვავებული და განსაკუთრებულია. 40-დღიან მარხვას _ ბოლო ეტაპი, ვნების შვიდეული აგვირგვინებს,  რის შემდეგაც  სულიერად განწმედილი მორწმუნენი იესო ქრისტეს აღდგომას ეგებებიან.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. მისი თარიღის დადგენის წესი ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად დადგინდა, რომ იგი გაზაფხულის ბუნიობის პირველ კვირა დღეს უნდა აღინიშნოს. სწორედ აღდგომის დღე განსაზღვრავს სხვა მოძრავ დღესასწაულთა კალენდარულ ცვლილებასაც. წელს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ახალი სტილით 8 აპრილს ზეიმობს.

აღდგომის უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ უწყებას ოთხივე მახარებელი გადმოგვცემს სახარებაში, აი როგორ აღწერს ამ ამბავს წმ.იოანე მოციქული: „1. ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. 2. რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 3. გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად. 4. რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად. 5. და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა. 6. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი. 7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. 8. მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა. 9. რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. 10. წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. 11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. 12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. 14. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. 16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. 18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (ინ. XX_1-18).

აი როგორ აღწერს წმ. იოანე ოქროპირი აღდგომის მოვლენას, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხავში: „ აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას საღვთო წიაღიდან ურჩობის გამო განდევნილი ადამიანური ბუნების შემოქმედთან შერიგება და პირვანდელ, ნეტარებისეულ სამყოფელში დამკვიდრება მოჰყვა. ამიერიდან სიკვდილი აღარ არის საშიში, არც ბოროტებაა დაუძლეველი, რადგან „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი და საფლავებს შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

ქრისტე აღდგა!!!

ჭეშმარიტად აღდგა!!!

 

 

April 8, 2018

0 Responses on იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>