ხარება

ხარება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი უძრავ საუფლო დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება და ყოველთვის 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღესრულება.  ის კაცობრიობის ხსნის განგებულების დასაბამადაა მიჩნეული, ვინაიდან სწორედ ამ დღეს მოხდა უწყება იმისა, რასაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი მრავალგზის გვამცნობდნენ. ადამიანთა მოდგმის მხსნელის, მესიის მოსვლის დრო დამდგარიყო!

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისათვის ამ საღვთო უწყების სახარებლად ზეციდან გაბრიელ მთავარანგელოზი იქნა მოვლინებული, რომლის შესახებაც ლუკა მახარებელი  (I_28-38) შემდეგნაირად მოგვითხრობს: „და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.“

მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმიდა ქალწულს აქამდე გაუგონარი ამბავი ეუწყა (იგულისხმება ქალწულისაგან განსაკუთრებული ვაჟის შობა), იგი ჩვეული სიმდაბლით და რწმენით თანხმდება საღვთო უწყებას. სულიწმიდის მოქმდებით სწორედ ამ დროს ხდება მასში  წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის, ძე ღმერთის ჩასახვა.

ცოდვით დამძიმებული ქვეყნიერებისთვის ეს დღე სულიერი, მარადიული სიხარულის დასაბამად იქცა. უწყება მიიღო მართალმა იოსებმაც, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული საიდუმლო და დიდი მოკრძალებით დაიწყო ქალწული მარიამის მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს ხილული მცველი და მზრუნველი მფარველი დაუდგინა.

ტროპარი:

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

 

 კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელოქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

 

April 6, 2018

0 Responses on ხარება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>