დიპლომის დაცვა

2 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩატარდა დიპლომის დაცვა.
 ირაკლი სიორდიამ, რომელმაც 2010 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო აკადემია, წარმოადგინა სადიპლომო ნაშრომი სათაურით: “ებრაელები და იუდაიზმი საქართველოში”
ნაშრომი შედგება შესავლის, ცხრა თავისა და დასკვნითი ნაწილისაგან.
მიმოხილულია იუდაიზმის არსი და ეთნიკურ-ისტორიული ანალიზი, საუბარია იუდაიზმის წარმოშობასა და ებრაელ ხალხში ამ რელიგიის შესისხლხორცების ეტაპებზე. აღწერილია იუდაური დღესასწაულები, მათი აღნიშვნის წეს-ჩვეულებები და მნიშვნელობა.
ცალკე თავი ეთმობა კავკასიაში მცხოვრები ებრაელების ეთნოლინგვისტური საკითხის გამორკვევას, განხილულია ებრაელთა საქართველოში შემოსვლისა და განსახლების საკითხი. ასევე, საქართველოში მცხოვრები ებრაელების ყოფა შედარებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელთა ყოფასთან.
ისტორიულ ანალიზში ხაზგასმულია ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლერანტული დამოკიდებულება ებრაელი ერის წარმომადგენლების მიმართ.
ებრაული გვარ-სახელებისა და მათი წარმოშობის ისტორიას საგანგებოდ ერთი თავი აქვს ნაშრომში დათმობილი. აქვე განხილულია იუდეველთა გაქრისტიანების და, პირიქით, ქრისტიანთა გაიუდეველების შემთხვევები, ამ მოვლენის მიზეზები ისტორიულ ჭრილში.
მე-20 საუკუნე, ეს ქარიშხლიანი ეპოქა და მისი გავლენა ქართველ ებრაელთა ცხოვრებაზე, და მათი გადინება ისტორიულ სამშობლოში ნაშრომში ცალკე თავად არის წარმოდგენილი.
მეტად საინტერესოა. აგრეთვე, კვლევის ის ნაწილი, სადაც წარმოდგენილია საქართველოში მოღვაწე ორას რაბინთა შორის განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეული პიროვნებების ისტორია, ისინი განსაკუთრებული მადლითა და სიბრძნით გამორჩეული ადამიანები იყვნენ, რომელთაც წარუშლელი, კეთილი კვალი დაამჩნიეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს.
ნაშრომმა მისი თემიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი გამოიწვია. დიპლომანტმა მრავალ შეკითხვას გასცა პასუხი. გამოითქვა სურვილი, გარკვეული შევსებისა და დახვეწის შემდეგ ცალკე პუბლიკაციად იქნეს გამოცემული.
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა გასწია თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ, ხოლო ოპონენტობა – თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
ირაკლი სიორდიას სამაგისტრო ნაშრომმა “ებრაელები და იუდაიზმი საქართველოში” მაღალი შეფასება დაიმსახურა.
March 4, 2018

0 Responses on დიპლომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>