სამი მღვდელმთავარი | სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

სამი მღვდელმთავარი

დღეს, ახალი სტილით 12 თებერვალს, წმიდა ეკლესია იხსენიებს ,,მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა“: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირს. ეკლესიის მიერ მათ ერთ დღეს მოხსენიებას  თავისი მიზეზი აქვს: კონსტანტინეპოლში, ხსენებული მღვდელმთავრების მიმდევართა შორის დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, რომელი მათგანისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა ამ სამიდან.  ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) ანიჭებდნენ უპირატესობას, მეორენი – გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი – იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.

ღვთის ნებით, 1084 წელს, სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს, რომელთაც განუცხადეს, რომ მათი ხსენება ერთ დღეს უნდა დაეწესებულიყო, რადგან ისინი თანასწორნი არიან უფლის წინაშე.

ბასილის ოჯახი ოდითგანვე განთქმული იყო სარწმუნოებისადმი მხურვალე თავდადებით. იგი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. წმინდანი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით გამოირჩეოდა. მან განათლება კესარიასა და ათენში მიიღო, სადაც  ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა. ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი, წმიდა ათანასე დიდი (ხს. 2 მაისს), მადლიერი იყო ღვთისა, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილი მოუვლინა უფალმა.  სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ, წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს, 49 წლის ასაკში, ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სამშობლო იყო სამხრეთ კაპადოკია, ქალაქი ნაზიანზი, საიდანაც წარმოსდგება მისი ზედწოდება – ნაზიანზელი. ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. მას არ იზიდავდა თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. მის სახელს მრავალი ღვაწლი უკავშირედება. იგი გამალებით იბრძოდა არიანელთა მწვალებლობის წინააღმდეგ. წმინდა მამა აღესრულა 389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული, და პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა.

წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო.

წმინდა იოანე ოქროპირის მღვდლად ხელდასხმისას ყველამ იხილა სასწაული: საიდანღაც მოფრენილი თეთრი მტრედი წმიდა იოანეს დასტრიალებდა თავს. მოძღვარი თავიდანვე დიდი გულმოდგინებით შეუდგა თავისი სამწყსოსათვის ზრუნვას: კვირაში ორჯერ, ხანდახან  ყოველდღეც, იგი ამბიონიდან მოძღვრავდა ერს. შემდგომში ის კონსტანტინეპოლის პატრიარქი გახდა.  წმიდა იოანე გულმოდგინედ განუმარტავდა ხალხს საღმრთო წერილს, რადგან ეს საქმე მეტად საჭიროდ და აუცილებლად მიაჩნდა. მან დაგვიტოვა ძველი აღთქმის წიგნების, მათესა და იოანეს სახარების, „საქმე მოციქულთა“-ს განმარტებები; განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ხშირად განმარტავდა მათ.

წმიდა იოანე ოქროპირი დაუღალავად ამხელდა დიდებულთა ურჯულოებას, რის გამოც მას ბევრი მტერი ჰყავდა, მათ შორის _  დედოფალი ევდოქსიაც. წმინდანმა ცხოვრება გადასახლებაში დაასრულა, კერძოდ, კომანში. მან ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა და სიტყვებით: „დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის“, უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს, 407 წელს, როდესაც წმიდა იოანე ოქროპირი 60 წლისა იყო. იგი ექვსი წელი მართავდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას, გადასახლებაში სამი წელი გაატარა.

სამი მღვდელმთავრის მადლი შეეწიოს ჩვენსა ქვეყანას!

 

February 12, 2018

0 Responses on სამი მღვდელმთავარი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>