უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

წლევანდელი ახალი სტილით 25 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა, ამ თარიღის სიდიადის ბოლომდე გააზრება, ალბათ, არც კი ძალგვიძს – ზუსტად 40 წლის წინ, ამ დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ინტრონიზაცია.
აი, იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს ცხოვრების ახალი ხანა – ჟამი შენების, ჟამი სულიერი აღორძინების, ჟამი თავისუფლებისათვის ბრძოლისა.
ამავე დროს, წელს შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი. ამ წელს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის 85 წლის იუბილეცაა.

დღეს საზეიმო წირვაში, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძაში ჩატარდა, მის უწმინდესობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის თითქმის ყველა წევრმა – ეპისკოპოსებმა და მიტროპოლიტებმა, ასევე სტუმრებმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან.

წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. მორწმუნე ხალხის სიმრავლეს თვით სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც ძლივს იტევდა.

მეუფე დანიელმა (დათუაშვილმა), საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტმა, წაიკითხა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წერილი შესანიშნავ საიუბილეო თარიღებსა და უწმინდესის ღვაწლის შესახებ:
“საიუბილეო 2017 წელი
საქართველოს ეკლესიის მძიმე უახლესი წარსული,
წინააღმდეგობრივი აწმყო და საიმედო მომავალი.”

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა), კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, ასევე, გაგვაცნო წმინდა სინოდის წერილი:
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისიონერული მოღვაწეობა პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში.”

ამ დღეებში მისმა უწმინდესობამ მრავალი მილოცვა მიიღო, მათგან მხოლოდ რამდენიმე იქნა წაკითხული მრევლის წინაშე, ესენია: მისი სამეფო უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორისა; მისი უწმინდესობის, რომის პაპი ფრანცისკეს მილოცვა; კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე პირველისა და მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის, კირილე პირველის. რუსეთის დელეგაციამ მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა დიდი წმინდანის, სერაფიმე საროველის ხატი და წმინდა ნაწილები.

წირვის დასასრულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, მოღვაწეობის 40 წელი, მიულოცა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა.

უაღრესად ამაღელვებელი იყო ჩვენი უწმინდესის მიმართვა მრევლისადმი. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ღვაწლისა და შრომის მოზიარე იყო ამ უმძიმესი წლების მანძილზე, ვინც ლოცვით შეეწეოდა მას.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ერთ-ერთია უწმინდესის ღვაწლის მრავალ მწვერვალთაგან. ჩვენ უწმინდესის სულიერ პირმშოდ ვაცნობიერებთ თავს. მადლიერებით ვიყრით მუხლს ჩვენი პატრიარქის წინაშე და ვულოცავთ მას მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს. მრავალჟამიერ არ მოგვკლებოდეს მისი მამობრივი მზრუნველობა, რათა იხაროს სულმა ჩვენმა უფლისა მიმართ!
ჩვენი უწმინდესი პატრიარქის დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ სრულიად საქართველოს!

December 25, 2017

0 Responses on უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>