ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ეს დღესასწაული დიდ თორმეტ დღესასწაულთა რიგს განეკუთვნება და უძრავია, ახალი სტილით 4 დეკემბერს იზეიმება.

წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება დღეასწაულთა შორის ყველაზე ახლოს არის ბავშვთან. ძველი აღთქმის მიხედვით, ნამდვილი, შეგნებული რელიგიური ცხოვრება მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი, რადგან ამ დროს აღწევდა ადამიანი გონებისა და სულის სიმწიფეს. ამიტომაც ამ ასაკიდან იწყებდნენ სასულიერო თუ საჯარო სამსახურს. თვით წინამორბედი იოანეცა და თავად მაცხოვარიც ოცდაათი წლისა შეუდგნენ ღვაწლს.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება კი სხვა რამეზე მეტყველებს: ბავშვის შინაგანი სამყარო სულიერი თვალსაზრისთ ზრდასრულისაზე მდიდარი შეიძლება იყოს. ქრისტესთვის პირველი წამებულებიც, თვით სტეფანე პირველმოწამემდე ადრე, ბეთლემელი ყრმები იყვნენ. როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს,ისინი სუფთები იყვნენ, პირადი ცოდვების უქონელნი, და ამ სიწმინდით გახდა შესაძლებელი მათი ასვლა მოწამეობის სიმაღლემდე. მაცხოვრის სიტყვებიც გვახსოვს: “უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა.”

ჩვენ ამჟამად შობის მარხვაში ვართ, თავად მაცხოვრის შობაც ბავშვობის სიწმინდეზე მეტყველებს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ჩვენ მეტად ზრდასრულნი ვართ ჩვენი ცოდვიანობით, ვნებებით, მავნე ჩვევებით. ისე სქელი ცოდვის ქერქი გვაკრავს, ვეღარც კი ვგრძნობთ ჩვენს სიბილწეებს. მხოლოდ ჩვილად შობილი, მარადი ღმერთის წინაშე იწყებს ეს ქერქი სკდომას.

პატარა მარიამი თხუთმეტ მაღალ საფეხურზე უნდა ასულიყო ტაძარში შესასვლელად. სამი წლის ბავშვმა თავისუფლად ავლო ეს გზა, და შემდეგ მღვდელმთავარმა ის წმიდათა წმიდაში შეიყვანა, ტაძრის საკურთხეველში, სადაც თვითონაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლო შესვლა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ტაძარი უფლისა ჩვენისა, ანუ ხორციელი დედა ღვთისა, შევიდა მსახურებად მიწიერ ტაძარში. ამ ტაძრიდან იწყება კაცობრიობის ხსნა.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მდაბლად ვთხოვთ დედა ღვთისას, დაიხსნას საცთურთაგან და მაცხოვნებელი ტაძრის გზა მიასწავლოს ჩვენს შვილებს.

ტროპარი:
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს,
და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება,
რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების,
და ქრისტესა ყოველთა გვახარებს,
ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად:
გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი:
ყოვლადწმინდა ტაძარი მაცხოვრისა,
მრავალპატიოსანი იგი ქალწული,
სამღვდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა,
დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა,
და მადლსა თანა-შეიტანს სულისა წმიდისასა,
რომელსა უგალობენ ანგელოზნი ღმრთისანი,
რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

December 4, 2017

0 Responses on ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>