კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარაქიელისა და იერომიელისა.

ახალი სტილით 21 ნოემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო მთავარანგელოზობას ზეიმობს. მთავარანგელოზობის აღნიშვნა მე-4 საუკუნის დასაწყისში გამართულმა ლაოდიკიის ადგილობრივმა კრებამ დაადგინა. ამ კრებამ დაგმო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და სანაცვლოდ მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. დღესასწაულის თარიღად საგანგებოდ შეირჩა 8 ნოემბერი ( ძველი სტილით) – ნოემბერი ხარებიდან, ანუ ახალი აღთქმის, ახალი დროის დასაწყისიდან მეცხრე თვეა და, ამდენად, ანგელოზთა ცხრა დასზე მიგვანიშნებს, ხოლო ციფრი რვა კი სიმბოლურად მერვე დღეს, ანუ მარადისობას აღნიშნავს.
მართლმადიდებლური სწავლებით, ანგელოზთა ცხრა დასი სამ იერარქიად განიყოფა. უმაღლეს იერარქიას წარმოადგენენ სერფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიაში შედიან უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ხოლო უმდაბლეს იერარქიას კი შეადგენენ საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
და მაინც, ყოველთა უხორცოთა მთავარი მთავარანგელოზი მიქაელია, მისი სახელი ასე ითარგმნება: “რომელი, ვითარცა ღმერთი.” სწორედ მისი მხედართმთავრობით დამარცხდნენ აჯანყებული ნათლის ანგელოზი და მისი მომხრენი. მთავარანგელოზ მიქაელს – მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
საღმრთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღმრთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღმრთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობის ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.
მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ, უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.).ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

ეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ.ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით.შოლტი იმის მიმანიშნებელია,რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარაქიელი – კურთხევის ანგელოზს ნიშნავს.ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად, ვარაქიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება.ხატწერაში მთავარანგელოზ ვარაქიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს “ღვთისკენ ამაღლებას” (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.
მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

ტროპარი:
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო,
გევედერებით ჩუენ, უღირსნი ესე,
რაითა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ,
საფარველითა ფრთეთა თქუენთაითა.
და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი
შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ:
ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ,
დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო!

კონდაკი:
მთავარანგელოზნო ღმრთისანო,
მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო,
ანგელოთა მთავარნო,
და წინამძღუარნო შეცთომილთანო.
უმჯობესი ჩუენისა გვიოხეთ
და დიდი წყალობა,
უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო!

November 20, 2017

0 Responses on კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარაქიელისა და იერომიელისა."

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>