2017 წლის კურსდამთავრებულების წერილი თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიას

დამთავრდა სემინარიაში სწავლის მეოთხე წელიც, შერეულია სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. სასიხარულოა ის, რომ დაამთავრე სწავლა სასულიერო სემინარიაში, აიღე დიპლომი და თეოლოგის ბაკალავრის სტატუსი მოგენიჭა. საპასუხისმგებლოა იყო იმ სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელიც ისეთი ისტორიული ფიგურის დაარსებულია არც ისე დიდი ხნის წინ, როგორიც არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასწავლებლისა, რომელიც გაიხსნა ყველაზე პარადოქსულ დროში, როდესაც სირცხვილად ითვლებოდა მორწმუნის სახელი; რომელმაც დაიწყო თავისი არსებობა ძალიან რთულ პირობებში და რომელსაც დღესაც არ შეხორცებია ძველი დროის ჭრილობები, რომლებიც კვლავ მოშუშების სტადიაშია. საამაყო და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოა, როდესაც შენი რექტორი და ხელმძღვანელობა იმედის თვალით გიყურებს და შენში ხედავს მას, ვისაც შეუძლია მომავალში ითავოს დაწყებული საქმის გაგრძელება და ჭრილობების მოშუშება.

ჩვენს მწუხარებას კი იწვევს ის, რომ ყოველ დილას, 9 საათზე, აღარ მოგვიწევს სემინარიაში მოსვლა. თუკი ჩაგვეძინება დილას, აღარ დაგვირეკავს ჩვენი დეკანი, რომელიც შეგვახსენებს, რომ გვაგვიანდება და დასწრების ქულები გვაკლდება, ვეღარ ვნახავთ ყოველდღიურად ლექტორებს, რომლებიც ჩვენი უფროსი მეგობრები უფრო არიან დღეს, ვიდრე – ლექტორები, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს. აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: ეს არის სასწავლებელი, სადაც ისეა შეზავებული სწავლის პროცესი და ადამიანური ურთიერთობები, რომ ისინი არა თუ უშლიან ხელს, არამედ ავსებენ ერთმანეთს და, ვფიქრობთ, ეს ყველაზე დიდი დადებითი მხარე არის ამ სასწავლებლისა.

მადლობას ვუხდით ჩვენი მხრიდან ყველა ლექტორს, რომლებიც მონდომებით ცდილობდნენ ჩვენთვის ცოდნის გადმოცემას, ჩვენს უსაყვარლეს დეკანს – მამა თეიმურაზს, რომელიც სამაგალითო ადამიანია ყველა მხრივ და რომლის დამსახურებაცაა ის, რაც ამ წერილში წერია. მადლობას ვუხდით პრორექტორს, მამა ბესარიონს, რომელიც ყოველთვის მზად იყო ჩვენს მოსასმენად და ცდილობდა ჩვენს დახმარებას, ასევე – მოძღვრებს, რომლებიც მუდამ ინტერესდებოდნენ ჩვენი ავკარგიანობით; და ბოლოს, მადლობას ვუხდით ჩვენს რექტორს- პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელმაც გვიპატრონა ეს წლები და რომლის ყველაზე დიდი დამსახურებაც ის არის, რომ ასეთი ადამიანები შემოკრიბა ჩვენ გარშემო.

პატივისცემით თბილისის სასულიერო სემინარიის 2017 წლის კურსდამთავრებულები

June 9, 2017

0 Responses on 2017 წლის კურსდამთავრებულების წერილი თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიას"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>