თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

სასულიერო აკადემიის დღევანდელი მდგომარეობის შექმნას, რაც გულისხმობს სწავლების მაღალ აკადემიურ დონესა და სიღრმისეულ კვლევებს ღვთისმეტყველების სფეროში, წლები დასჭირდა; თანდათანობით ჩამოყალიბდა აკადემიის სტრუქტურა – ყველა პირობაა შექმნილი მოღვაწეობის ორი თანაშერწყმული სახისათვის – ესაა საღვთისმეტყველო და სამეცნიერო საქმიანობა – არც ცალკე საღვთისმეტყველო, მეცნიერულ ცოდნას მოკლებული და არც ოდენ მეცნიერული, სარწმუნოებისაგან დაცლილი, რადგან რწმენასთან დაპირისპირებული ცოდნა ვერ იქცევა ერის მაცხოვნებელ გზად.
აკადემიის წარმატებას რამოდენიმე ნიშანი აქვს. ერთი მათგანია ის, რომ აქ სასწავლო-სამეცნიერო პროცესი სრულად არის მოწესრიგებული. მეორე ნიშანი: სწავლების მაღალი ხარისხი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას. აკადემიაში წესად დამკვიდრდა, რომ გამოსაშვებ გამოცდას ყველა კათედრის გამგე, ყველა პედაგოგი ესწრება, რათა ერთობლივად დააკვირდნენ სასწავლო პროცესის შედეგს – ერთად გამოავლინონ წარმატებაც და ხარვეზიც, რათა ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად რეალური გზები დაისახოს. მესამე ნიშანი: დიპლომების დაცვის ახლებური წესის დამკვიდრება: თითოეული დიპლომის დაცვა ოთხ-ხუთ საათს გრძელდება. კითხვა-პასუხის ამ სერიოზულ პროცესში ვლინდება დიპლომანტის ყველა წახნაგი, ღირსებითიც და ნაკლოვანების მიმანიშნებელიც. მთელი კომისიის წინაშე ის სრულად წარმოჩნდება არა მხოლოდ როგორც კურსდამთავრებული, არამედ როგორც ზნეობრივი პიროვნება. ეს არის ნამდვილი გამოცდა იმის სანახავად, თუ რა მივიღეთ აქ სწავლის შედეგად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომების დაცვას ბევრი ეპისკოპოსი ესწრებოდეს (მოგეხსენებათ, ეპისკოპოსი ბერძნულად “ზედამხედველს” ნიშნავს). იქმნება ნათელი სურათი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი ეკლესიის მომავალი სახე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აკადემიაში დადგინდა წესი, რომლის მიხედვითაც ერთ პედაგოგს მხოლოდ ორი დიპლომანტის ხელმძღვანელობის უფლება აქვს. მიზანია ის, რომ დიპლომის ხელმძღვანელობა იყოს არსებითი, ნამდვილი და არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს.

დღევანდელ დღეს შეგვიძლია არა მხოლოდ შევაჯამოთ სასულიერო აკადემიის დაარსებიდან განვლილი ოცდაცხრაწლიანი ისტორია, არამედ სულიერი თვალითაც დავინახოთ ყველაზე ღირსეული შედეგი, თუ ასეთი არსებობს. ასეთი შედეგის მოტანა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ აკადემია-სემინარიაში სწორად აგებული სასწავლო პროცესის შედეგად. აკადემიის სტრუქტურა, აქ არსებული ფაკულტეტები და კათედრები პასუხისმგებლობით უძღვებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობას – ღირსეული სასულიერო პირებისა და თეოლოგიური განათლების მქონე მოღვაწეთა აღზრდას.

თითოეული ამ რგოლის ფუნქციონირება სწორედ ამ მიზანს ისახავს:

ბიბლიოლოგიის კათედრა უზრუნველყოს საღვთისმეტყველო მეცნიერების საფუძვლის _ წმინდა წერილის სწავლებას ყველა სპეციალობასა და მიმართულებაზე. ძველ და ახალ აღთქმასთან ერთად, აკადემიაში ისწავლება ბიბლიის ეგზეგეტიკა, ბიბლიის ძველი ქართული თარგმანები, ბიბლიური არქეოლოგია. ყოველივე ეს მყარ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მართლმადიდებლური სამყაროს მოწინავე და მნიშვნელოვანი სასწავლო-სამეცნიერო კერა იყოს. კათედრის ხელმძღვანელია თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.

პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ერთია ეკლესიის მამათა ცხოვრებისა და მათი შრომების შესწავლა, მეორე _ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული დოგმატური მოძღვრების სიღრმისეული გაცნობა-გააზრება. კათედრის საქმიანობა სისტემურ, მოწესრიგებულ სახეს აძლევს საღვთისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობას როგორც აკადემიის შიგნით, ისე მის გარეთ. კათედრის ხელმძღვანელია გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის მიზანია, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს სტუდენტებს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. კათედრა უზრუნველყოფს ლიტურგიკის, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების, სამოძღვრო ღვთისმეტყველების, ჰომილეტიკა-რიტორიკისა და მეტყველების კულტურის სწავლებას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიამ განათლებული, მაღალი დონის სამღვდელო კადრები მიიღოს. კათედრას ხელმძღვანელობს თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი.

ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრა სამ მიმართულებას მოიცავს. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის კურსი ასახავს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, მოიცავს საღვთისმეტყველო აზრის განვითარების ძირითად ისტორიულ ეტაპებს. კანონიკური სამართლის კურსი სტუდენტებს აცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის საფუძვლებს, განიხილავს მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების კანონებს. ასკეტიკის კურსით სტუდენტები ეცნობიან ქრისტიანობამდელი და ქრისტიანობის შემდგომი პერიოდის ასკეტიკის ისტორიას, იღებენ ცოდნას ასკეტური ცხოვრების ორი მხარის _ საერო და მონაზვნური ასკეზის შესახებ. ამ დისციპლინების შესწავლა მომავალ სასულიერო პირებში აყალიბებს სულიერი ცხოვრების სწორ ორიენტირებს და საფუძველს ამზადებს ფართო არეალით აზროვნებისათვის. კათედრის ხელმძღვანელია თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

რელიგიათმცოდნეობის კათედრა უზრუნველყოფს რელიგიების ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, რელიგიის სოციოლოგიის სწავლებას, ასევე, ამა თუ იმ მსოფლიო რელიგიასთან ქრისტიანობის მიმართების წარმოჩენასა და შესწავლას. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ და საქართველოსთვის აქტუალურ რელიგიებზე. კათედრის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე.

ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის მიზანია ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, შესწავლა და გააზრება ეკლესიურ ჭრილში. მისი სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ფსიქოლოგიის საფუძვლები, ქრისტიანული ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის მეთოდები, ფსიქოთერაპია, პათოლოგიური ფსიქოლოგია, განათლებისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგია, კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში. კათედრის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეკომენდაციების მომზადება მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიზანია ცხადი გახადოს სტუდენტებისათვის თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის მნიშვნელობა როგორც საქართველოს ერთიანი ისტორიისა და მისი სულიერი კულტურისათვის, ისე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დღევანდელობისათვის; ასწავლოს ენის როგორც თეორიული საკითხები, ისე გამოყენებითი მხარე (ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, აკადემიური წერა). კათედრაზე დიდი ყურადღება ეთმობა ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, ასევე, ახალი ქართული ლიტერატურის შესწავლას, მათში დაუნჯებული ღრმა რელიგიურ-ფილოსოფიური აზრების წარმოჩენას. კათედრის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრივერ ფარულავა.

საქართველოს ისტორიის კათედრა უზრუნველყოფს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ზოგადი ეკლესიების ისტორიის, ბიზანტინოლოგიის კურსის სწავლებას. სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, რელიგიურ-კონფესიურ პრობლემატიკას, შუა საუკუნეებში ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესს და მასში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის როლის წარმოჩენას. კათედრას ხელმძღვანელობს ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

უცხო ენების კათედრა ხელმძღვანელობს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ძველი ბერძნული, ძველი ებრაული, ლათინური, რუსული და ახალი ბერძნული ენების სწავლებას. სწავლების მეთოდიკა მოიცავს საკომუნიკაციო აქტიურობასაც. კათედრის პრიორიტეტს, ასევე, წარმოადგენს ლექსიკოგრაფიული და მთარგმნელობითი საქმიანობა. კათედრის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური მოსიძე.

ქრისტიანული ხელოვნების კათედრის მიზანია, თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით გაზარდოს საეკლესიო ხელოვნების სპეციალისტები. კათედრაზე შემუშავებული სასწავლო პროგრამა გულისხმობს სტუდენტებისათვის როგორც ფართო განათლების მიცემას ძველი და თანამედროვე ხელოვნების უმთავრეს დარგებში, ისე ვიწრო სპეციალიზაციის მქონე საგნების სწავლებასაც. საგანგებო ყურადღება ეთმობა ქართული ქრისტიანული ხელოვნების შესწავლას, მისი განვითარების გეზისა და თავისებურებების გაცნობას. კათედრის ხელმძღვანელია რუსუდან ვაშალომიძე.

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტთან ფუნქციონირებს ხატწერის, ნაქარგობისა და ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ ხატწერისა და ოქრომკედით ქარგვის უძველესი ტექნოლოგიები.

ხატწერისა და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის სასწავლო პროგრამაში ჩართული საგნები სტუდენტებს საბაზისო თეორიულ ცოდნას აძლევს როგორც თეოლოგიაში, ისე ხელოვნების ამ დარგების ყველა მომიჯნავე სფეროში და, ამავე დროს, უზრუნველყოფს ტექნოლოგიების შესწავლასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე კათედრის ბაზაზე სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტთა მონაწილეობით საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქართული კულტურის არაერთ მნიშვნელოვან ძეგლს. საზოგადოდ, საზაფხულო არდადეგების პერიოდში სტუდენტების ჩართვა კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კათედრის ხელმძღვანელია პროფესორი მერაბ ბუჩუკური.

საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის მიზანი, სტუდენტებისათვის ღრმა თეორიული ცოდნის გადაცემასთან ერთად, არის პროფესიული შემოქმედების განვითარება. კათედრა ეწევა, ასევე, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ეს გულისხმობს ქრისტიანული მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების მიზანმიმართული კვლევის კოორდინაციას, კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრაციას ეროვნულ პროგრამებსა და პროექტებში, საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში თემატური მიმართულებების შექმნას ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების განხილვა-პოპულარიზაციის მიზნით. კათედრის პრიორიტეტს, ასევე, წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობაც _ სპეციალიზებული გამოფენების მომზადება, საქართველოსა და უცხოეთში ექსპოზიციების მოწყობა, პროფესიული კავშირების დამყარება ქრისტიანულ სამყაროში მოქმედ მონათესავე სტრუქტურებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან. კათედრას ხელმძღვანელობს დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

ქრისტიანული ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტთან მოქმედებს მინერალური პიგმენტების, კომპიუტერული გრაფიკის, ხატწერისა და მინანქრის ლაბორატორიები. აქ სტუდენტები ეცნობიან ქართული დაზგური და მონუმენტური კედლის მხატვრობის ტრადიციებს, ასევე, სწავლობენ ამ სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მასალებს, მეთოდებსა და ტექნიკას. შესაბამის სფეროში იღებენ პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას.

2011 წლის 13 დეკემბერს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მინიჭებული ავტორიზაციისა და 2012 წლის 28 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათათვის განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე გადავიდა: I. ბაკალავრიატი (ოთხწლიანი), რომელიც მოქმედებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შემდეგ ფაკულტეტებზე: ა) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ბ) ქრისტიანული ფსიქოლოგიის, გ) ქრისტიანული ხუროთმოძღვრების (არქიტექტურის), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის; II. მაგისტრატურა (სამწლიანი) – სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე; III. დოქტორანტურა (სამწლიანი).

2013 წლის 14 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის თავმჯდომარეობით, საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, სტუმრად მყოფ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიის სამეცნიერო ხარისხის მქონე მაღალი იერარქების (ზიმბაბვესა და ანგოლის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერაფიმე (ალექსანდრიის საპატრიარქო), არქადიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბასილი (ანტიოქიის საპატრიარქო), კონსტანტიისა და ამოქოსტოსის მიტროპოლიტი ვასილი (კვიპროსის საპატრიარქო), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ილარიონი (გრიგორი ალფეევი), გორლიცეს ეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი პაისიოსი (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) მონაწილეობით შემდგარმა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა ერთჯერადმა სადისერტაციო კომისიამ თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 10 პედაგოგს შემდეგ ნაშრომებში:

მიტროპოლიტ იოანე (გურამ) გამრეკელს – “ბიბლიის თანამედროვე თარგმანების ზოგიერთი საკითხის შესახებ”;

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, ფილოლოგიის დოქტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს – ,,წმიდა გრიგოლ ნოსელი, ქალწულებისათს და საღმრთოსა მოქალაქობისა”;

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორს, დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ბოტკოველს – ,,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები: წინასწარმეტყველი ზაქარია”;

ქუთაისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორს, დეკანოზ მიქაელ (მერაბ) გალდავას – ,,სულიერ-ზნეობითი სწავლანი წმ. იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეში”;

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორს, ფილოლოგიის დოქტორს, დეკანოზ ბიძინა გუნიას – ,,წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი”;

თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიოლოგიის კათედრის გამგეს, ისტორიის დოქტორს, პროფესორს, დეკანოზ გიორგი (გოჩა) გუგუშვილს – ,,ბიბლია და ძველი ქართული საისტორიო მწერლობა”;

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორს, არქიდიაკონ დემეტრე (დავით) დავითაშვილს – “მონაზვნობა – იძულება თუ ცხოვრების წესი?”;

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს – ,,განახლებისა და რეფორმების მცდელობანი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 1922-1932 წლებში”;

თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ედიშერ ჭელიძეს – ,,წმინდა მამების სწავლება ცოდვასა და სასჯელზე”;

თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ გიორგი ანდრიაძეს – ,,XV-XVI საუკუნეების ლაზეთის ქრისტიანების ისტორიის ამსახველი ახალი დოკუმენტური მასალები”.

საერთაშორისო-სადისერტაციო კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო კომისიის სწავლული მდივანი, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, ისტორიის და თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი ანანია ჯაფარიძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმჟამინდელი პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

2013 წლის 29 მარტს უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით დამტკიცდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურა და სადისერტაციო საბჭოს დებულება, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ თეოლოგიის დოქტორები. დებულების მიხედვით დამტკიცდა სადისერტაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პატრიარქი ილია II, წევრები – თეოლოგიის დოქტორები. შემუშავებული დებულების საფუძველზე შეიქმნა დოქტორანტურა – სწავლების მესამე, უმაღლესი საფეხური.

კათედრებზე თეოლოგიის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორების მიერ შემუშავდა თეოლოგიის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადებას. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეცნიერო კადრების და სადისერტაციო ნაშრომების მომზადება ხდება ეკლესიის წიაღში.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედებს შემდეგი სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამები: 1. პატროლოგია (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე); 2. დოგმატიკა (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე); 3. ეკლესიის ისტორია. მოდული ა) მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია; მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე); 4. ბიბლეისტიკა. მოდული ა) ძველი აღთქმა (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)); მოდული ბ) ახალი აღთქმა (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი); 5. ლიტურგიკა (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)); 6. კანონიკური სამართალი (ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე).
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მართლმადიდებლური თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია, სწავლება უფასოა. დოქტორანტურაში სწავლის უფლება ეძლევა, აგრეთვე, სხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართული ენის მცოდნე თეოლოგიის მაგისტრს.

დოქტორანტურაში სწავლება მიმდინარეობს სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი კომპონენტისაგან: 1. სასწავლო და 2. სამეცნიერო-კვლევითი. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 40-60 კრედიტს, ხოლო 120-140 კრედიტი ეთმობა კვლევით კომპონენტს.

დოქტორანტურაში მიღების დროს დიდი ყურადღება ეთმობა ენების ცოდნას. მისაღებ გამოცდაზე ყველა მიმართულებაზე ბარდება ძველი ბერძნული ენა, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ დოქტორანტმა კომუნიკაციის მიზნით უნდა იცოდეს ერთ-ერთი ევროპული ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, იტალიური, რუსული და სხვა), მისაღებ გამოცდებზე ბარდება უცხო ენა. უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერთიფიკატის მქონე პირები.

დოქტორანტურაში ლექციებს კითხულობენ თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგები. დებულების შესაბამისად, თითოეულ დოქტორანტს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ენიშნება თეოლოგიის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი.

დოქტორანტურაში შესაბამისი სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამებით ისწავლება ძველი ებრაული, ლათინური, ძველი ბერძნული, საეკლესიო სლავური და სხვა ენები, რომლებსაც კითხულობენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული მაღალი დონის სპეციალისტები.

დოქტორანტურის კურსდამთავრებულს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ ენიჭება თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ამჟამად დოქტორანტურაში ჩამოთვლილ სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობს 23 დოქტორანტი. დოქტორანტების პირველმა გამოშვებამ უკვე დაამთავრა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა. მათ ნამუშევრებს მიეცა მსვლელობა სადისერტაციო საბჭოში დასაცავად და უახლეს მომავალში, პირველად საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, შედგება თეოლოგიაში სადოქტორო დისერტაციის საჯაროდ დაცვა, რომელზე დასწრების უფლება ექნებათ დაინტერესებულ პირებს. დაცვის შემდეგ ნაშრომი განთავსდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საიტზე, რომლის გაცნობის საშუალება მიეცემათ საზოგადოების ფართო წრეებს.

დოქტორანტები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო კონფერენციებში, შესაბამისი სპეციალობით ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ხელმძღვანელთა რეკომენდაციით მათი ნაშრომები ქვეყნდება სამეცნიერო გამოცემებში.

ცალკე უნდა გამოიყოს აკადემიაში განხორციელებული პუბლიკაციები. ყველა მათგანი სამი ნიშნით ხასიათდება: ძველი ქართული ტექსტისა და ძველი მთარგმნელისადმი უდიდესი პატივისცემა, ნაშრომის ორიგინალის ენაზე შესწავლა და მისი შედარება ძველ თარგმანთან, დაბოლოს, ტექსტის თეოლოგიური ანალიზი და ტერმინოლოგიური ლექსიკონის დართვა. ცოტა უფრო ვრცლად ამ პუბლიკაციების შესახებ:

უკანასკნელი არასრული შვიდი წლის მანძილზე აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობაში დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მამების შრომათა ძველი ქართული თარგმანების ათამდე აკადემიური გამოცემა განხორციელდა.
V ს-ის ბიზანტიელი საეკლესიო მამის, წმ. ბასილი სელევკიელის ჰომილია “სიტყუაჲ ჩჩლთათს, ბეთლემს მოწყუედილთა” ქართული თარგმანის გამოცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მისმა გამომცემელმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ დაადგინა მთარგმნელის ვინაობა – შავ მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წმიდა ეფრემ მცირე.

“ეკლესიის მამათა სწავლანი ღმრთის განკაცების შესახებ” თბილისის სასულიერო აკადემიაში დაარსებული სერიის: `ქართული ნათარგმნი ჰომილეტიური ძეგლები”, პირველი წიგნი. მასში თავმოყრილია ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი დიდი ბიზანტიელი მამების ჰომილიების ყველა ძველი ქართული თარგმანი.
ამ სერიის II ტომში გამოქვეყნდა წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიათა კრებულის, “მარგალიტის” ქართული თარგმანი, შესრულებული X-XI სს-ში უდიდესი ქართველი საეკლესიო მამისა და მოაზროვნის, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ (სერიის ორივე ტომის გამომცემელი – ნ. მელიქიშვილი). გამომცემლის არგუმენტირებული დასკვნით, “მარგალიტის” ქართული თარგმანის სტრუქტურა შემუშავებულია მთარგმნელის – ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ.

წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულების “ქალწულებისათს და საღმრთოსა მოქალაქობისა” ქართული თარგმანი გამოსაცემად მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ..

წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულების თეოლოგიურ-ფილოსოფიურმა ხასიათმა, ტექსტის სირთულემ მოითხოვა ძეგლისათვის კომენტარების დართვა, რომლებშიც ცალკეული სიტყვები, ფრაზები და ტექსტობრივი მონაკვეთები საეკლესიო მოძღვრების მიხედვით არის განმარტებული. ერთვის ქართულ-ბერძნული ლექსიკონი. წმ. გრიგოლ ნოსელის ქართული თარგმანის გამოცემა დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა, რადგან მას რედაქტირება გაუწია მეორე დიდმა ათონელმა მამამ, წმ. გიორგი მთაწმიდელმა.

2012 წელს წმ. ეპიფანე კვიპრელის ვრცელი პოლემიკურ-ისტორიული ხასიათის თხზულების, “პანარიონის” ცალკეული ტომების ნაკრები ტექსტის, “ოთხმეოცთა წვალებათათს” ქართული თარგმანი.  (გამომცემელი – აწ გარდაცვლილი მეცნიერი სოსო მახარაშვილი). გამომცემელმა თარგმანის ბერძნულ დედანთან შედარების საფუძველზე გამოიკვლია, რომ თეოფილეს თარგმანი მომდინარეობს იმ ბერძნული რედაქციიდან, რომელიც დღემდე შემონახული არ არის. ყველა ასეთი მიგნება ხაზს უსვამს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას ზოგად-ბიზანტინოლოგიურ ჭრილში.

ამ გამოცემას თემატურად რამდენადმე ეხმიანება 2013 წელს სასულიერო აკადემიის პედაგოგის, პროფესორ მაია რაფავას მიერ მომზადებული და გამოცემული ნაშრომი: ”ნიკიტა სტითატის ანტიმონოფიზიტური სიტყვების” ქართული თარგმანი. წიგნში თავმოყრილია XI ს-ის თვალსაჩინო ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, ნიკიტა სტითატის სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ მიმართული ხუთი პოლემიკური სიტყვა. თხზულების ქართული თარგმანი შესრულებულია გელათის სალიტერატურო სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, არსენ იყალთოელის მიერ,

სასულიერო აკადემიის გამომცემლობის შემდეგი გამოცემა ბიბლიოგრაფიული ხასიათის ნაშრომია: “ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”, რომელიც მოიცავს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ორ დარგს – ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიას (გამომცემელი – ე. გაბიძაშვილი).

სასულიერო აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: წმ. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური ძეგლის – “თარგმანება ქებისა ქებათასა” – ქართული თარგმანი, შესრულებული XI ს-ის უდიდესი საეკლესიო მამისა და ღვთისმეტყველის, წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ. გამოცემა მომზადებულია აწ გარდაცვლილი მეცნიერის, გულნაზ კიკნაძის მიერ.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ 2010-2017 წლებში გამოსცა აკადემიის ორი პერიოდული კრებულის – საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების III-IV-V-VI-VII ტომები და საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ `გრაგნილის” I-II-III-IV ტომები. საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომებში წარმოდგენილია სასულიერო მწერლობის ყველა დარგის მომცველი ნაშრომები, კვლევები ღვთისმეტყველებაში, საეკლესიო ფილოლოგიაში, ეკლესიის ისტორიაში, რეცენზიები ახალ თეოლოგიურ სამეცნიერო გამოცემებზე. რაც შეეხება “გრაგნილს”, ამ კრებულთან ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები თანამშრომლობენ.

ძალიან ფასეულია აკადემია-სემინარიის სტუდენტებისათვის იღუმენ ევნემის (პერისტის) ნაშრომის – „შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში“ – ქართული თარგმანი, რომელიც შესრულდა აკადემიის პედაოგის მიერ (ს. გოგოჩაშვილი) და გამოიცა აკადემიისავე გამომცემლობაში (ეს ნაშრომი ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს), ასევე, სხვადასხვა ლიტურგიკულ დღესასწაულთა წეს-განგებანი და ლიტურგიკული შტუდიების რამდენიმე ნომერი, რომლებიც საეკლესიო კალენდართან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევას მოიცავენ (შემდგენელი რ. ბლიაძე).

აკადემიის გამომცემლობაში რედაქტირება გაუკეთდა რამდენიმე სტუდენტის მიერ შედგენილ „რელიგიურ თემაზე 1978-2015 წლებში გამოცემული წიგნების ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას“. სტუდენტების კოორდინატორი ამ მნიშვნელოვან საქმეში იყო ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაქსიმე ჭანტურია, რედაქტორი – ხ. მემანიშვილი).

ასევე ნაყოფიერი გამოდგა 2016 წელი, რადგან რესტავრაციისა და ხატწერის სპეციალობის სტუდენტებმა მიიღეს მაღალი დონის სახელმძღვანელო: „ხატწერის ტექნოლოგია“ (ავტორი – აკადემიის პედაგოგი მურად ტყემალაძე).

ამავე წელს გამოიცა ასევე აკადემიის პედაგოგის, ავთანდილ ასათიანის ნაშრომი: „აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში“. წიგნში ვრცლად არის მიმოხილული ძველი აღთქმის ის პასაჟები, რომლებიც აღზრდის სფეროს განეკუთვნება. ეს გამოცემაც, გარკვეული კუთხით, დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის.
მნიშვნელოვანი გამოცემა განხორციელდა 2017 წელს: „მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოსავლეთის საპატრიარქოები (IX საუკუნემდე)”. წიგნის ავტორია ეკლესიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, სერგეი ტერნოვსკი (1848-1916), თარგმნა ქ.-ნ ნორა გაბრიაძემ, ხოლო თარგმანის რედაქტირება ეკუთვნის გამომცემლობის ერთ-ერთ თანამშრომელს, თამარ ჩუბინიძეს. ეს წიგნიც დიდად წაადგებათ აკადემიის სტუდენტებს, რადგან მასში ასახულია აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ისტორია. გარდა ამისა, ბიბლიური გეოგრაფიის ცოდნა აუცილებელია წმიდა წერილის ჯეროვნად გაგებისათვის. ამ მხრივაც ეს გამოცემა დასაყრდენი იქნება ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ შემდეგი რამ: ნებისმიერი მოვლენა უნდა შეისწავლებოდეს იმ გარემოში, რაც მისთვის ბუნებრივია. შეუძლებელია, საეკლესიო ტექსტები სრულფასოვნად ვიკვლიოთ საეკლესიო მოძღვრების გარეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება კვლევა სხვა მიზანდასახულობითაც, კერძოდ, როგორც ძველი ქართული ენის ტექსტებისა ან ქართლის ისტორიის ამსახველი მონუმენტებისა, მაგრამ არსებითი და პირველადი ამ ტექსტებისათვის და ამ ძეგლებისათვის საკუთრივ ის წიაღია, სადაც ისინი შეიქმნა, ის სულია, რომელიც მათშია შთაბერილი. მისი უწმიდესობის მიზანდასახულობაც, როდესაც მან თბილისის სასულიერო აკადემიას საძირკველი ჩაუყარა, სწორედ ეს იყო, კერძოდ, ის, რომ ცალკე არსებული მეცნიერული აზრი (თავისი უდიდესი წარმატებებით) შერთვოდა სარწმუნოებრივი ცხოვრების მდინარებას, იმ ძარღვს, რომელიც საქართველოში არასოდეს დაშრეტილა. თბილისის სასულიერო აკადემია არ არის სასწავლებელი განყენებულად მქადაგებლურ-მისიონერული მოღვაწეობისათვის ან განყენებულად ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევებისათვის. იგი განუყოფელი შემონაკრებია ამ ორივესი.

ზემოთ ჩამოთვლილ გამოცემათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომებს”, რადგან აკადემიის შრომები, როგორც კრებული, ამთლიანებს ცალკეულ მიმართულებებს, მთლიანობაში – აკადემიის მოღვაწეობის შემაჯამებელია, იმის მაჩვენებელია, თუ რა შესაძლებლობები აქვს აკადემიას. ამ პერიოდულ გამოცემაში გამთლიანებულია როგორც ტექსტების ზედმიწევნით მეცნიერული კვლევა თავისი ყველა ფილოლოგიური ასპექტით, ასევე ტექსტობრივი შინაარსის სულიერი ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კრებულებში დიდი ადგილი აქვთ დათმობილი ახალგაზრდებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა მიერ გამოცემული ძეგლები ძალიან რთულ ტექსტებს წარმოადგენენ. ახალგაზრდების ესოდენ ღირსეული ნამოღვაწარი იმედს იძლევა, რომ აკადემიის პერსპექტივა არის უაღრესად ცოცხალი და ცხოველი.

May 30, 2017

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>