წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი

წმინდა საკვირველმოქმედი ნიკოლოზი ყველა დროის ყველაზე ცნობილი და საყვარელი წმინდანია. იგი ცხოვრობდა მე-4 ს-ში, დაიბადა მართლმორწმუნე, შეძლებული ბერძენი მშობლების ოჯახში, ცხოვრობდა პატარა ქალაქ მირაში, დღეს ამ ადგილას არის თანამედროვე თურქეთის ანტალიის პროვინციის ქალაქი დემრე. წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ის დაბადებიდანვე გამოირჩეოდა ღმრთის განსაკუთრებული მფარველობით – ჩვილი ოთხშაბათსა და პარასკევს არ წოვდა ძუძუს. ყმაწვილობისას ეპიდემიისაგან დაეხოცა მშობლები და მისი აღზრდა ბიძამ, ქალაქ პატარას ეპისკოპოსმა, ითავა, რომელსაც, ასევე, ნიკოლოზი რქმევია. მანვე აღკვეცა იგი, მოგვიანებით კი პრესვიტერის ხარისხში აიყვანა. წმინდა ნიკოლოზს მეტად ეწადა მეუდაბნოე მონაზვნური ცხოვრება, მაგრამ უფლის მითითებით ის სამრევლო ეკლესიას დაუბრუნდა და მთელი სიცოცხლე ერთგულად მსახურებაში განლია. წმინდა ნიკოლოზი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე ერთ-ერთი ეპისკოპოსია. ამ კრებამ, როგორც ვიცით, დაგმო არიოზის მწვალებლობა და მართლმადიდებლებს მოგვცა მრწამსის უტყუარი ფორმულირება. წმინდა ნიკოლოზი ყოველთვის გამოირჩეოდა ლმობიერებითა და მოწყალებით, მას არასდროს განურჩევია წარჩინებული თუ მდაბიო, მდიდარი თუ ღარიბი, მას უყვარდა ადამიანი, როგორც ხატება ღმრთისა. ის სიცოცხლეშიც განურჩევლად ეხმარებოდა ყველას და მიცვალების შემდეგაც დარჩა ყველა ადამიანის მეოხად და მსწრაფლშემწედ.
წმინდა ნიკოლოზი დაიკრძალა მირაში, იმავე ეკლესიაში, სადაც თავისი უბიწო მსახურებით ადიდებდა ქრისტეს. მე-11 ს-ში მისი წმინდა ნეშტის ნაწილი გადაასვენეს სამხრეთ იტალიის სანაპირო ქალაქ ბარიში. წმინდა ნიკოლოზი ითვლება მოგზაურთა, ქალწულთა, სტუდენტთა და ეკლესიათა სიწმინდის მფარველად, ის დღესაც უამრავ სასწაულს აღასრულებს. ყველას გილოცავთ წმინდა ნიკოლოზობას, დაე, მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას.

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე. წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მირონით გამო, წმინდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაÁ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სივდილისაგან. ამისთვის წმინდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

December 19, 2016

0 Responses on წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>